რუსეთი

რუსეთის ანტისატელიტური რაკეტის გამოცდამ კოსმოსური სადგურის კოსმონავტებს საფრთხე შეუქმნა

საერთაშორისო კოსმოსური სადგური

რუსეთმა ანტისატელიტური რაკეტა გამოსცადა და საკუთარი ხელოვნური თანამგზავრი გაანადგურა. შედეგად, განადგურების შემდეგ გატყორცნილმა ნამსხვრევებმა საფრთხე შეუქმნა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) კოსმონავტებს, რომელთაც უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი სპეციალური კაფსულებისთვის თავშეფარება მოუწიათ.

კოსმოსური სადგურის ეკიპაჟი შვიდი ადამიანისგან შეგდება, აქედან ოთხი ამერიკელია, ორი რუსი და ერთი გერმანელი. 

რუსეთის მიერ ანტისატელიტური იარაღის გამოცდა დაიგმო აშშ-ში. 

"დღეს რუსეთის ფედერაციამ ანტისატელიტური რაკეტით საკუთარ ხელოვნურ თანამგზავრზე დაუფიქრებლად ჩაატარა მისი განადგურების გამოცდა. გამოცდის შედეგად წარმოიქმნა 1 500-ზე მეტი ხილვადი ორბიტალური ნარჩენი და ასიათასობით წვრილი ნამსხვრევი, რომლებიც ახლა საფრთხეს უქმნის ყველა ერის ინტერესებს", – თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა. 

შემთხვევით აღშფოთებულია NASA-ს ხელმძღვანელი, ბილ ნელსონი. 

"წარმოუდგენელია, რომ რუსეთმა ISS-ზე არა მხოლოდ ამერიკელ და საერთაშორისო პარტნიორ ასტრონავტებს, არამედ საკუთარ კოსმონავტებსაც შეუქმნა საფრთხე", – თქვა ბილ ნელსონმა. 

შემთხვევას მსუბუქად უყურებენ რუსეთის კოსმოსურ სააგენტოში, როსკოსმოსში.

"ობიექტის ორბიტა, რომელმაც დღეს ეკიპაჟი აიძულა, სტანდარტული პროცედურების შესაბამისად, კოსმოსურ ხომალდში დაბრუნებულიყვნენ, ISS-ის ორბიტას დაშორდა. სადგური მწვანე ზონაშია", – დაწერეს როსკოსმოსის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

მიუხედავად იმისა, რომ გატყორცნილ ნამსხვრევებს ISS-ზე არანაირი უბედური შემთხვევა გამოუწვევია, ორბიტალური ნარჩენები ჯერ კიდევ საფრთხეს წარმოადგენენ. 

რუსეთის ფედერაციამ ანტისატელიტური რაკეტა გამოსცადა1982 წელს გაშვებულ საბჭოთა ხელოვნურ თანამგზავრზე, კოსმოს-1408-ზე, რომელმაც მუშაობა უკვე რამდენიმე წელია რაც შეწყვიტა. 

კომენტარები