COVID-19

ავსტრიაში აუცრელი მოსახლეობისთვის ლოკდაუნი დაწესდა 

DW

ავსტრიის მოსახლეობის აუცრელი ნაწილისთვის ე.წ. ლოკდაუნი დაწესდა, რომელიც, დაახლოებით, ქვეყნის ორ მილიონ მოქალაქეს შეეხება. 

12 წელს გადაცილებულ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც არ აქვს მიღებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, შეეზღუდება: თავისუფალი გადაადგილება, რესტორნებით, ბარებით, სასტუმროებითა და გასართობი ცენტრებით სარგებლობის უფლება.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, შეზღუდვების დაწესება ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდითაა გამოწვეული. უკანასკნელ 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 11 500 შემთხვევა გამოვლინდა. 

"ცხადია, რომ ვაქცინირებულთათვის შეზღუდვები არ უნდა დაწესდეს. მოსახლეობის ორი მესამედი აუცრელთა გამო არ უნდა დაიტანჯოს". – ამბობს კანცლერი ალექსანდრ შალენბერგი.

ამჟამინდელი მონაცემებით, ავსტრიის მოსახლეობის 65% სრულად აცრილია, თუმცა ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ვაქცინაციის მაჩვენებელი შედარებით დაბალია, ამ რეგიონებში განსაკუთრებით მაღალია ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა.

კომენტარები