ე.წ. ციანიდის საქმე

დეკანოზი გიორგი მამალაძე სამოქალაქო კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს

ნეტგაზეთი

დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხის საავადმყოფოდან, სამოქალაქო კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს. ინფორმაციას დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე ადასტურებს, თუმცა მისთვის უცნობია, რა გახდა დეკანოზის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი.

მამალაძის ინფორმაციით, მისი ძმა 3 წელია გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფება, თუმცა ადეკვატურ მკურნალობას ვერ იღებს.

"3 წელია 18 დაწესებულებაში იმყოფება, რომელიც არის სასაკლაო. სამი წელია პარალიზებულ მდგომარეობაშია და არანაირი მკურნალობა არ ჩატარებულა გამომდინარე იქიდან, რომ რესურსი არ გააჩნია ამ საავადმყოფოს. მითხრეს, რომ გადმოყვანილია ვივამედში, მაგრამ მიზეზი გადმოყვანის ჯერჯერობით უცნობია. ვიმეორებ, თუ ეს არის რაღაც თემების გადაფარვის მცდელობა, ჩემი ძმა ამ ბინძურ საქმეში არ აყვება მათ". - ამბობს თორნიკე მამალაძე. 


დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის ზის. თუმცა, 2017 წელს, როცა დეკანოზი მამალაძე დააკავეს, პროკურატურა ამბობდა, რომ ის მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა. არსებობდა აზრი, რომ პირი, ვის ციანიდით მოწამვლასაც დეკანოზი მამალაძე გეგმავდა, პატრიარქი იყო. თუმცა, პროკურატურამ რამდენიმე დღეში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი. პროკურორის თქმით, მამალაძემ დაკითხვისას თქვა, რომ შორენა თეთრუაშვილის სიკვდილი გაუხარდებოდა.  

დეკანოზი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. თავად დეკანოზი ამბობს, რომ მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება, გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო და, ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

კომენტარები