ე.წ. ციანიდის საქმე

რა თქვა სტრასბურგის სასამართლომ ციანიდის ეპიზოდზე დეკანოზ მამალაძის საქმეში?

დეკანოზი გიორგი მამალაძე

დღეს, 3 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა და საქართველოს მთავრობას განმცხადებლისთვის 9 418 ლარის გადახდა დააკისრა.

მართალია სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ პროცესის მსვლელობის დროს განმცხადებლის (დეკანოზი მამალაძის) მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებული მეექვსე მუხლის პირველი ორი პუნქტი, თუმცა ყველა მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებიათ. სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, გამოძიების პროცესში სამხილების მოპოვებისა და მათი განმცხადებლის წინააღმდეგ გამოყენების დროს მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ დარღვეულა. 

დეკანოზი მამალაძის საქმეში, გამოძიების ვერსიით, მნიშვნელოვანი იყო ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, ციანიდი, რომელიც ჩხრეკის დროს მისი ჩანთიდან ამოიღეს.

ციანიდის მტკიცებულების სახით მოპოვებასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საუბრობს შემდეგ ზოგად პრინციპებზე:

71. მართალია მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების გარანტია, მაგრამ ის არ ადგენს რაიმე წესს მტკიცებულების დაშვებადობაზე, რაც პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობით რეგულირებადი საკითხია.

72. სხვაობა უნდა გაკეთდეს მტკიცებულების დაშვებადობასა (ანუ საკითხი იმის შესახებ თუ მტკიცებულების რა ელემენტები შეიძლება იყოს დაშვებული განსახილველად შესაბამის სასამართლოზე) და დაცვის უფლებას შორის იმ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოს წარედგინა. სხვაობაა ამ უკანასკნელსა (ანუ იყო თუ არა დაცვის უფლება სათანადოდ უზრუნველყოფილი აღებულ მტკიცებულებებთან მიმართებით) და სასამართლოს მიერ ამ მტკიცებულების შემდგომ შეფასებას შორის, საქმის წარმოების დასრულების შემდეგ. დაცვის უფლების თვალსაზრისით, მე-6 მუხლით გათვალისწინებული საკითხები შეიძლება წარმოიშვას იმაზე, იყო თუ არა ბრალდებულის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მტკიცებულება ისე წარმოდგენილი, რომ უზრუნველყოფილიყო სამართლიანი სასამართლო.

73.  შესაბამისად, პრინციპულად, სასამართლოს როლი არაა განსაზღვროს კონკრეტული ტიპის მტკიცებულებები, მაგალითად მტკიცებულებები, რომლებიც შიდა კანონმდებლობით მოპოვებული იქნა უკანონოდ, იყოს თუ არა მისაღები, ან, მართლაც, განმცხადებელი იყო თუ არა დამნაშავე. კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, არის იყო თუ არა პროცესი, მათ შორის მტკიცებულებების მოპოვების გზები, მთლიანობაში სამართლიანი. ეს მოიცავს "არაკანონიერებისა" და, თუ დარღვეულია კონვენციის სხვა უფლება, დადგენილი დარღვევის სახის შემოწმებას.

74. იმის დასადგენად, მთლიანად პროცესი იყო თუ არა სამართლიანი, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, დაცული იყო თუ არა დაცვის მხარის უფლებები. უნდა დადგინდეს, კონკრეტულად, განმცხადებელს მიეცა თუ არა მტკიცებულების ავთენტიკურობის ეჭვქვეშ დაყენებისა და მისი გამოყენების უარყოფის შესაძლებლობა. დამატებით, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული მტკიცებულების ხარისხი, იმის ჩათვლით, გარემოებები, რომლებშიც ის მოიპოვეს, არის თუ არა საეჭვო სანდოობის ან სიზუსტის მხრივ. იმისდა მიუხედავად, რომ სამართლიანობის პრობლემა აუცილებლად არ წარმოიშვება იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული მტკიცებულება სხვა მასალებით მხარდაჭერილი არ იყო, შესაძლოა აღინიშნოს, სადაც მტკიცებულებები ძალიან ძლიერია და არ არსებობს არასანდოების საფრთხე, დამხმარე მტკიცებულებების საჭიროება შესაბამისად სუსტდება. ამასთან დაკავშირებით, შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ მტკიცებულების ტვირთი ეკისრება პროკურატურას და ნებისმიერი ეჭვი სარგებელს მოუტანს ბრალდებულს.

75. იმის დადგენის დროს, იყო თუ არა მთელი პროცესი სამართლიანი, შეიძლება კონკრეტული დანაშაულის გამოძიებისა და სასჯელის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მხედველობაში იქნას მიღებული და შეფასდეს ინდივიდუალური ინტერესების წინააღმდეგ, საწინააღმდეგო მტკიცებულებების კანონიერად შეგროვებასთან დაკავშირებით.

გავრცელებული დოკუმენტის შემდეგ პუნქტებში სტრასბურგის სასამართლომ ზოგადი პრინციპები დეკანოზი მამალაძის საქმეს მოარგო:

76. რაც შეეხება მოცემული საქმის გარემოებებს, განმცხადებელი ჩიოდა, რომ მის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულების დაშვებამ და გამოყენებამ სისხლის სამართლის პროცესი არასამართლიანად აქცია. კერძოდ, ის ამტკიცებდა, რომ მომწამვლელი ნივთიერება მის ჩანთაში ჩადებული იყო და არ შეეძლო იმ გარემოებების გაპროტესტება, რომლებშიც ის იქნა ამოღებული.

77. რაც შეეხება ამ მტკიცებულებების ხარისხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო ი.მ.-ს მიერ მიწოდებული დამადანაშაულებელი მტკიცებულებებით და რომ ნახსენებმა სასამართლომ განმცხადებლის წინააღმდეგ ფარული საგამოძიებო ზომები გასცა, საფუძვლად დაედო ხელისუფლების გადაწყვეტილებას მისი დაკავებისა და ბარგის ჩამორთმევის შესახებ. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებლის ბარგის ჩამორთმევა არ ეფუძნებოდა სასამართლო ორდერს, მას წინ უძღოდა სასამართლოს მიერ დავალებული ფარული გამოძიების ზომები, რომლებიც, საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, ადასტურებდა განმცხადებლისთვის ბარგის ჩამორთმევას გადაუდებელ გარემოებებში. შესაბამისად, ეს პროცესი უკანონო არ ყოფილა. გარდა ამისა, ი.მ. შეამოწმეს ეროვნული სასამართლოს წინაშე, როგორც განმცხადებლის, ასევე განმცხადებლის მიერ არჩეული ადვოკატების მონაწილეობით. დამატებით, განმცხადებლის ჩანთის ამოღებასთან და ჩხრეკასთან დაკავშირებული გარემოებები დადასტურდა აეროპორტის დაცვის თანამშრომლების მიერ, რომლებიც დაიკითხნენ ღია სასამართლო პროცესზე და დაცვის მხრიდან ჯვარედინი დაკითხვაც მოხდა. მას შიდა სასამართლოში ნეიტრალურ მოწმედ თვლიდნენ.

78. გარდა ამისა, რაც შეეხება განმცხადებლის შესაძლებლობას, გაესაჩივრებინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობა და შესწინააღმდეგებოდა მათ გამოყენებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მან არ გაასაჩივრა [საქართველოს] სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც შესაბამის საგამოძიებო ზომებს კანონიერად აცხადებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მას შეეძლო გამოეწვია მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცესის დროს ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერების კანონიერება და ავთენტიკურობა. მის არგუმენტებს, ბარგის ჩამორთმევისა და შემდგომი ჩხრეკის გარემოებებთან და შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობასთან დაკავშირებით, ყურადღება მიაქციეს ეროვნულმა სასამართლოებმა და სისხლის სამართლის საქმის დროს საფუძვლიანად გადაწყვიტეს არ განეხილათ.

79. ამ ფონზე და სახალხო დამცველის შეფასების მიუხედავად, სასამართლო არ თვლის რომ ეროვნული სასამართლოს მსჯელობა, განმცხადებლის აეროპორტიდან სათვალთვალო კამერის კადრების ამოღებასთან დაკავშირებულ საჩივარზე, თვითნებური ან აშკარად უმიზეზო იყო. ეროვნულმა სასამართლოებმა ასევე განიხილეს განმცხადებლის არგუმენტი, რომ სისხლის სამართლის გამოძიებით შეუძლებელი იყო დაედგინა როდის და სად შეეძლო მას მიეღო ჩანთაში აღმოჩენილი ნივთიერება. სასამართლოებმა მათ წინაშე არსებული საქმის გარემოებების გათვალისწინებით საკითხი არარელევანტურად მიიჩნიეს. რაც შეეხება ჩანთიდან ამოღებულ მასალებზე თითის ანაბეჭდებისა და დნმ-ს გამოკვლევის ჩატარების არარსებობას, სასამართლოს პრობლემურად მიაჩნია, რომ განმცხადებლის ბარგის ჩხრეკა ჩატარდა ისე, რომ მტკიცებულებათა შემდგომმა ექსპერტიზამ აზრი დაკარგა, რაც ნაწილობრივ აღიარებული იყო ეროვნული სასამართლოების მიერაც. ამასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შესაბამის თანამდებობის პირებს უნდა მიეღოთ ადეკვატური სიფრთხილის ზომები მტკიცებულებების შესაძლო დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. ამისდა მიუხედავად, ეს ჩავარდნა, მიმდინარე საქმის გარემოებებში, მტკიცებულების სანდოობას ეჭვქვეშ არ აყენებს.

80. დამატებით, სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ფაქტს, რომ ამოღებული ნივთიერება არ იყო ერთადერთი მტკიცებულება, რასაც განმცხადებლისთვის წაყენებული ბრალი ეფუძნებოდა. კერძოდ, განმცხადებლის დამნაშავედ ცნობაში, ეროვნული სასამართლოები ეფუძნებოდნენ ი.მ.-ს მიერ გადაცემულ დამადანაშაულებელ მტკიცებულებებს, სხვა მოწმეთა ჩვენებებს, აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს და კომპიუტერულ მონაცემებს, რომლებიც რამდენიმე ექსპერტის შემოწმების შემდეგ დამტკიცდა, რომ ავთენტიკური იყო, და სხვა მტკიცებულებებსაც. ამ გარემოებების განმცხადებლის ვერსიის აშკარა შეუსაბამობასთან ერთად გათვალისწინებით, ეროვნული სასამართლოს უფლებამოსილებაში იყო განეხილა, არსებობდა თუ არა საკმარისად ძლიერი მტკიცებულებები იმის დასამტკიცებლად, რომ განმცხადებელი "მკვლელობის მომზადებაში" იყო დამნაშავე.

81.  ამ გარემოებებში, სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებლის საქმის წარმოება, მთლიანობაში, არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს.

82. შესაბამისად, ამ კუთხით, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ დარღვეულა.


მამალაძე კონვენციის მუხლების დარღვევის დადგენის გარდა ითხოვდა მატერიალური ზარალის ანაზღაურებას 376 405 ლარით და მორალური ზიანის ანაზღაურებას 150 000 ევროთი, რაც არ დაკმაყოფილდა. ასევე, ითხოვდა სასამართლოში იურიდიული წარმომადგენლობისთვის 6 360 ლარსა და პროცესისთვის გაწეული ხარჯების 3058 ლარით ანაზღაურებას, რაც დაკმაყოფილდა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი დახურული სასამართლო პროცესის დროს დაირღვა. ხაზგასმულია, რომ დარღვეულ იქნა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტიც.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობას დააკისრა დეკანოზ მამალაძეს მომდევნო 3 თვეში გადაუხადოს  9 418 ლარის, პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ ნახსენები ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი შეეხება საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას. 

ამას გარდა, სასამართლო აღნიშნავს, რომ უარყოფს განმცხადებლის დარჩენილ მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ.

მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტში წერია:

"ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, თუმცა მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნეს დაშვებული დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებისათვის, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვნის ინტერესები, ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ანდა, რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობის გამო, ვინაიდან საქვეყნოობა დააზარალებდა მართლმსაჯულების ინტერესს".

მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში კი ვკითხულობთ:

"ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად".


დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის ზის. თუმცა, 2017 წელს, როცა დეკანოზი მამალაძე დააკავეს, პროკურატურა ამბობდა, რომ ის მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა. არსებობდა აზრი, რომ პირი, ვის ციანიდით მოწამვლასაც დეკანოზი მამალაძე გეგმავდა, პატრიარქი იყო. თუმცა, პროკურატურამ რამდენიმე დღეში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი. პროკურორის თქმით, მამალაძემ დაკითხვისას თქვა, რომ შორენა თეთრუაშვილის სიკვდილი გაუხარდებოდა.  

დეკანოზი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. თავად დეკანოზი ამბობს, რომ მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

3 წლის წინ დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი გაგზავნა. 2021 წლის 16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე წარმოებაში მიიღო. 

"მომჩივანთან დაკავშირებული ფაქტები უკავშირდება კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევას". – წერდა იურისტი დავით ჯანდიერი.

კომენტარები