ე.წ. ციანიდის საქმე

"დარღვევები გავლენას არ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე" – იუსტიცია მამალაძის საქმეზე

დეკანოზი გიორგი მამალაძე
რეგინფო

საქართველოს იუსტიციის სამინსიტრო, დეკანოზ მამალაძის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ხსენებული დარღვევები არის პროცედურული ხასიათის და გავლენას არ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე".

სამინისტრო აღნიშნავს, რომ მომჩივნის პრეტენზია მორალური კომპენსაციის მინიჭების თაობაზე ევროსასამართლომ არ დააკმაყოფილა. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია და მომჩივნის პრეტენზია მორალური კომპენსაციის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

სტრასბურგის სასამართლოს წინაშე გიორგი მამალაძე დაობდა, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მტკიცებულებების („ნატრიუმის ციანიდის“) მოპოვების გარემოებების გამო. ის, აგრეთვე, ასაჩივრებდა მის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესის სრულად დახურვის საკითხს და ამტკიცებდა, რომ გენერალური პროკურატურისა და თანამდებობის პირების განცხადებების საფუძველზე დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია.

სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების, მტკიცებულებათა მოპოვების გარემოებებისა („ნატრიუმის ციანიდის“) და მათი სანდოობის კუთხით დარღვევა არ დაადგინა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენა ეროვნულ დონეზე საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოების დასკვნები მომჩივნის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე. საგულისხმოა, რომ სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა მთავრობის პოზიციას, რომლის თანახმადაც, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გამორიცხულია მომწამლავი ნივთიერების "ჩადება", როგორც ამას მომჩივანი ამტკიცებდა. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძის განაჩენი ეფუძნება საქმეში არსებულ არაერთ სხვა მტკიცებულებას, როგორიცაა მოწმეთა ჩვენებები, აუდიო- და ვიდეომასალა, კომპიუტერული მონაცემები და სხვა.

რაც შეეხება მომჩივნის სხვა მოთხოვნებს, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ წარმოებული საქმის სხდომების სრულად დახურვა არ იყო მკაცრად აუცილებელი. კერძოდ, ევროპული სასამართლოს შეფასებით, შიდა სასამართლოების მიერ სათანადოდ არ იყო დასაბუთებული, თუ რატომ არ შეიძლებოდა სხდომის ნაწილის საჯაროდ ჩატარება. ევროპულმა სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად მიიჩნია ერთობლიობაში მომჩივნის წინააღმდეგ ცალკეული საჯარო განცხადებების გაკეთება და პროკურატურის მხრიდან საქმის მასალების ნაწილის საჯაროდ გამოქვეყნება, მაშინ, როდესაც დაცვის მხარის მიმართ გამოყენებულ იქნა ინფორმაციის გაუთქმელობის ვალდებულება.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული დარღვევები არის პროცედურული ხასიათის და გავლენას არ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა თავად ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის საქმისწარმოება მთლიანობაში იყო სამართლიანი, მომჩივნის ჩხრეკა იყო კანონიერი და ციანიდის "ჩადებას" ადგილი არ ჰქონია.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დაადგინა, რომ დარღვეულ იქნა კონვენციის მე-6 მუხლის პუნქტები. სასამართლო საქართველოს მთავრობას აკისრებს, რომ მომდევნო სამ თვეში დეკანოზ მამალაძეს 9 418 ლარი გადაუხადოს.

სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, გამოძიების პროცესში სამხილების მოპოვებისა და მათი გამსაჩივრებლის წინააღმდეგ გამოყენების დროს მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ დარღვეულა. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი დახურული სასამართლო პროცესის დროს დაირღვა. ხაზგასმულია, რომ დარღვეულ იქნა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტიც.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ დარღვევების დადგენა საკმარისია იმისთვის, რომ გამსაჩივრებლის ნებისმიერი მორალური ზარალი ანაზღაურდეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობას დააკისრა დეკანოზ მამალაძეს მომდევნო 3 თვეში გადაუხადოს  9 418 ლარის, პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ ნახსენები ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი შეეხება საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას. 

მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტში წერია:

"ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, თუმცა მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნეს დაშვებული დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებისათვის, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვნის ინტერესები, ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ანდა, რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობის გამო, ვინაიდან საქვეყნოობა დააზარალებდა მართლმსაჯულების ინტერესს".

მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში კი ვკითხულობთ:

"ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად".


დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის ზის. თუმცა, 2017 წელს, როცა დეკანოზი მამალაძე დააკავეს, პროკურატურა ამბობდა, რომ ის მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა. არსებობდა აზრი, რომ პირი, ვის ციანიდით მოწამვლასაც დეკანოზი მამალაძე გეგმავდა, პატრიარქი იყო. თუმცა, პროკურატურამ რამდენიმე დღეში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი. პროკურორის თქმით, მამალაძემ დაკითხვისას თქვა, რომ შორენა თეთრუაშვილის სიკვდილი გაუხარდებოდა.  

დეკანოზი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. თავად დეკანოზი ამბობს, რომ მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

3 წლის წინ დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი გაგზავნა. 2021 წლის 16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე წარმოებაში მიიღო. 

"მომჩივანთან დაკავშირებული ფაქტები უკავშირდება კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევას". – წერდა იურისტი დავით ჯანდიერი.

კომენტარები