ალეკ ბოლდუინი

ფილმ RUST-ის გამნათებელი ალეკ ბოლდუინს სასამართლოში უჩივის

Befunky

ფილმ Rust-ის გამნათებელმა სერჟ სვეტნოიმ ალეკ ბოლდუინს და ფილმის სხვა შემქმნელებს სასამართლოში უჩივლა.

მთავარმა გამნათებელმა ლოს-ანჯელესის სასამართლოში ფილმზე მომუშავე რამდენიმე კომპანიის, ასევე პროდიუსერების, მათ შორის ალეკ ბოლდუინის, იარაღის სპეციალისტის, ჰანა გუტიერეს რიდის და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი რეჟისორის ასისტენტის, დევიდ ჰოლსის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. 

"გადასაღებ მოედანზე საბრძოლო ვაზნა საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, ბოლდუინს გასროლამდე უნდა გადაემოწმებინა იარაღი. გადამღები ჯგუფის წევრების უპასუხისმგებლობასა და გულგრილობას მოჰყვა ტრაგედია". – წერია სარჩელში.

სვეტნოის თქმით გასროლის მომენტში ის ოპერატორთან ახლოს, ცეცხლის ხაზზე იმყოფებოდა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

22 ოქტომბერს, ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.

იარაღი, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ, დეივ ჰოლსმა გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო. რეალურად მჭიდში საბრძოლო ვაზნები იდო. ამის შესახებ სასამართლოს მასალებში წერია.

გადამღები ჯგუფის წევრმა, მეგი გოლმა გამოცემა The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰოლსს უსაფრთხოების წესების დარღვევას წარსულშიც ედავებოდნენ

მსახიობი პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა, სამართალდამცავების ყველა კითხვას უპასუხა და შენობა დატოვა. ამ ეტაპზე გამოძიებას ბრალი არავისთვის წარუდგენია.

დაჭრილი ჰალინა ჰატჩინსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გაამგზავრეს, ოპერატორი საავადმყოფოში მიფრენამდე გარდაიცვალა. ის 42 წლის იყო. დაჭრილი რეჟისორის, ჯოელ სოუსას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს.

"არ არსებობს სიტყვები, რომლითაც გამოვხატავ ჩემს შოკსა და მწუხარებას უბედურ შემთხვევაზე, რომელმაც ცოლის, დედის და ჩვენი კოლეგის ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა. პოლიციასთან სრულად ვთანამშრომლობ". – ამ სიტყვებით გამოეხმაურა ალეკ ბოლდუინი ტრაგედიას.

მსგავსი უბედური შემთხვევა მოხდა 1993 წელს, ფილმ The Crow-ს გადასაღებ მოედანზე. სარეკვიზიტო პისტოლეტიდან გასროლილმა ტყვიამ მსახიობი ბრენდონ ლი იმსხვერპლა.

კომენტარები