თბილისის მერია

წელს თბილისის მერია ნაძვის ხესა და საახალწლო განათებებში დამატებით 207 000 ლარს დახარჯავს 

ქალაქ თბილისის მერია ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასიათასობით ლარს ხარჯავს ქუჩების საახალწლოდ მორთვასა და გაფორმებაში. მიუხედავად წლიდან წლამდე გაწეული ხარჯებისა, საახალწლო გირლანდები და ნათურები არასოდესაა საკმარისი და მათი რაოდენობის გასაზრდელად ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები ყოველწლიურად გამოიყოფა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2021 წელს დედაქალაქის მერია დამატებით 207 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. 36 000 ლარი საახალწლო ნათურებსა და აქსესუარებზეა გამოყოფილი, 107 000 ლარი კი – დეკორატიულ მატარებელზე. 

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერია 2019 წელს შეძენილი ნაძვის ხის ტოტების განახლებასაც გეგმავს, რომელშიც მილიონი ლარია დახარჯული და ის მაინც ყოველწლიურ განახლებას საჭიროებს. ორგანიზაციის ცნობით, ნაძვის ხისთვის 160 ტოტის დამატება და ახალი სათამაშოებით მორთვა იგეგმება, შესყიდვის ჯამური ღირებულება 64 000 ლარს შეადგენს. 

მილიონ ლარად შეძენილი ნაძვის ხე 2019 წელს ყველაზე ძვირადღირებული საახალწლო შენაძენი იყო, რომლის განახლებასა და ტოტების დამატებაში, ახალი შესყიდვის გათვალისწინებით, ჯამში დაახლოებით 160 000 ლარი იქნება დახარჯული. 

2020 წელს თბილისის მერიის კომპანიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა საახალწლო განათებებსა და ქუჩების გაფორმების სამუშაოებზე. ხოლო 2019 წელს საახალწლოდ თბილისის ქუჩების გაფორმება და საშობაო ნაძვის ხის შეძენა თბილისის მერიას 3 მილიონი ლარი დაუჯდა.

"თბილისის ქუჩების საახალწლოდ გაფორმება და ნაძვის ხის დადგმა მნიშვნელოვანია თბილისის მოსახლეობისთვის. თუმცა, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარების გათვალისწინებით, საკითხავია, რამდენად რაციონალურია წლიდან წლამდე 100 000-ობით ლარის გადახდა ბიუჯეტიდან საახალწლო ნათურების შეძენაში, როდესაც შეიძლება უკვე არსებულის გამოყენება. ხოლო, დაზოგილი თანხის მოხმარება სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე, რომლებიც სარგებლის მომტანი იქნება თბილისის მოსახლეობისთვის". – წერია ფლანგვის დეტექტორის ანგარიშში. 

კომენტარები