კრიპტოვალუტა

კრიპტოვალუტების ღირებულებამ $3 ტრილიონს გადააჭარბა, ბიტკოინის ფასმა 68 500 დოლარს მიაღწია

კრიპტოვალუტების ბაზრის საერთო ღირებულებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს, 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. რეკორდულად გაიზარდა ბიტკოინისა [$68 500] და ეთერიუმის [$4 800] ფასებიც.

ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.3 ტრილიონ დოლარს შეადგენს და ის ასწრებს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: Tesla, Meta(Facebook), Tencent, Visa და Alibaba.
 
მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, JPMorgan Chase-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის ღირებულებამ 73 000 დოლარი შეადგინოს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი, შესაძლოა, კრიპტოვალუტის ფასმა 150 000 დოლარს მიაღწიოს. 

ექსპერტების შეფასებით, უკანასკნელ პერიოდში ბიტკოინის ფასის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ისტორიაში პირველი ბიტკოინის გაცვლითი სავაჭრო ფონდის [ETF] განთავსებაა. 

ETF-ი დარეგულირებულ საფონდო ბირჟებზე კრიპტოვალუტის ლეგალური გზით შეძენისა და საფინანსო ინსტიტუტებისა და საინვესტიციო ბანკების მიერ პორტფელში ბიტკოინის განთავსების ერთ-ერთი საშუალებაა. 

აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის შეძენა კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟებზე აქამდეც იყო ნებადართული, თუმცა საფინანსო ინსტიტუტები კრიპტოვალუტის შეძენისგან თავის შეკავების ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებდნენ, რომ ბუღალტრულ ანგარიშგებაში მისი ასახვა რთულია.

გარდა ამისა, კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმებისა და შესანახი ციფრული თუ ფიზიკური საფულეების გამოყენების შესახებ კანონმდებლობა ჯერაც ბუნდოვანია, რაც მსხვილი საინვესტიციო ბანკებისთვის გამოწვევას წარმოადგეს.

ექსპერტების შეფასებით, აშშ-ს საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი ორგანოს [SEC] მიერ ბიტკოინის ETF-ის დამტკიცება იმაზე მიუთითებს, რომ აშშ კრიპტოვალუტის აკრძალვას არ აპირებს და მისი დარეგულირების გზას ირჩევს. 

საინვესტიციო ბანკებსა და კომპანიებს კი ETF-ის წყალობით ბიტკოინის ლეგალური გზით შეძენის საშუალება მიეცემათ, რაც SEC-ის კანონმდებლობით იქნება დარეგულირებული და, შესაბამისად, თავიდან იქნება აცილებული ისეთი რისკები, როგორებიცაა: კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმების დაჰაკვა, გაკოტრება ან საფულის დაზიანება და გასაღების დაკარგვა. 

JPMorgan Chase-ის შეფასებით, ბიტკოინის წარმატებისა და ფასის აღმავლობის მთავარი მიზეზი არა ETF-ა, არამედ ის ფაქტი, რომ ბიტკოინი ინფლაციისგან თავის დაზღვევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რაც იმითაა განპირობებული, რომ ბიტკოინის რაოდენობა 21 მილიონ ერთეულამდეა შეზღუდული და ამ ლიმიტის გადაჭარბება შეუძლებელია. 

"კრიპტოვალუტაში ახალი კაპიტალის დაბანდებისა და ფასის ზრდის მთავარ მიზეზად საფონდო ბირჟაზე ETF-ის განთავსებას არ მივიჩნევთ. ჩვენ ვთვლით, რომ ფასის ზრდის უმთავრესი მიზეზი ბიტკოინის შესახებ არსებული წარმოდგენაა, რომ ის ინფლაციისგან თავის დასაცავად ოქროზე უკეთესია". – განმარტავენ JPMorgan-ის ანალიტიკოსები. 

აღსანიშნავია, რომ ბიტკოინი ბოლო ათწლეულის საუკეთესო აქტივია და მისი ფასის ზრდის წლიური საშუალო მაჩვენებელი 200%-ს შეადგენს. შედარებისთვის, მიუხედავად ინფლაციის დონის ზრდისა, იმავე პერიოდში ოქროს ფასი არათუ გაზრდილია, არამედ შემცირებულია, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ, გარკვეულწილად, ინფლაციისგან ჰეჯირების საშუალებად ოქროს ბიტკოინი ანაცვლებს. 
   

კომენტარები