მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა

ლომჯარია: სააკაშვილის თქმით, გაყვანისას მას უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს – მას უთხრეს, რომ მრავალპროფილურ, სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, სადაც ის გადაყვანას ითხოვდა.

ამასთან, ომბუდსმენის ცნობით, რუსთავის N12 დაწესებულებაში, სადაც სააკაშვილი ამ დრომდე იხდიდა მსჯავრს, არ არსებობს არცერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ექსპრეზიდენტი ინფორმირებული იყო იმის შესახებ, თუ სად გადაჰყავდათ ის. 

"მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უთხრეს, რომ შედგა კონსილიუმი და კონსილიუმმა დაგაწყვიტა, რომ ის უნდა გადაეყვანათ მულტიფუნქციურ კლინიკაში. მისი განცხადებით, მან იცოდა, რომ ის უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო კლინიკაში, შესაბამისად, საკუთარი ნებით დასთანხმდა აღნიშნულს.

ჩვენ N12 დაწესებულებაშიც ვიყავით და იქ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი გაფორმებული, სადაც აცნობენ პატიმარ სააკაშვილს, რომ გადაჰყავთ N18 დაწესებულებაში, ასეთი რამ არ არსებობს. ის ამბობს, რომ მან ზეპირად იცოდა, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში და მას შემდეგ, რაც ის შემოიყვანეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე, მან თქვა, რომ მას არ სურდა გადმოსვლა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანიდან. მისი თქმით, ის ძალის გამოყენებით შეიყვანეს N18 დაწესებულებაში. 

უარი განაცხადა, რომ ექიმს გაესინჯა მის დაზიანებებთან დაკავშირებით, თუმცა, ჩემთვის არ დაუდასტურებია მას, რომ სხეულზე ეტყობა დაზიანებები და რაც შემეძლო, რომ დამენახა, ვიზუალურად არ ეტყობა დაზიანებები. თუმცა, სჯობს, რომ ექიმმა დაათვალიერეს. 

დიახ, ვიმეორებ, მისი განცხადებით, მან იცოდა, რომ ის გადადიოდა სამოქალაქო კლინიკაში, ის დაემშვიდობა იქაურ ექიმებს, რასაც ის ექიმებიც ადასტურებენ. მან თქვა, რომ სურდა კონსილიუმთან შეხვედრა და ელოდებოდა 15:00 საათზე ამ შეხვედრას, თუმცა, უარი უთხრეს ამაზე". – ამბობს სახალხო დამცველი. 

ამავდროულად, ნინო ლომჯარიას თქმით, გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში არ აქვთ ის აპარატები, რაც გათვალისწინებული იყო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მიმაგრებული ექიმების კონსილიუმის რეკომენდაციებში. 

კერძოდ საუბარია MRT-სა და კათეტერიზაციის აპარატებზე. რაც შეეხება კატეს აპარატს, ის გლდანის ციხის საავადმყოფოში დღეს გადაიტანეს და ჯერჯერობით არ არის დამონტაჟებული. 

"მე გავესაუბრე ადგილზე მორიგე რეანიმატოლოგებს, მთავარ ექიმსაც, დავათვალიერე საოპერაციო და ინტენსიური თერაპიის განყოფილება. მე არ ვარ, ბუნებრივია, ექიმი და ვერ მოგახსენებთ ზუსტად, მაგრამ ადგილზე არის გარკვეული აპარატურა. ამ დროის მდგომარეობით, კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან ადგილზე არ არის MRT-ს აპარატი და კათეტერიზაციის აპარატი... კატეს აპარატი ჯერჯერობით დერეფანში დგას და ელოდებიან, რომ დამონტაჟდეს". – თქვა ნინო ლომჯარიამ. 


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 6 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს ამბობს ნებისმიერ საკვებ დანამატსა, თუ გადასხმაზე. 

ამასთან, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია გაიმართა, რომლის მოთხოვნაც სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა. აქციამ მოგვიანებით მთავრობის სახლთან გადაინაცვლა და ახლაც გრძელდება. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები