მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა

ლომჯარია: გლდანის ციხის კლინიკაში არ არის MRT-ისა და კათეტერიზაციის აპარატები

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში არ აქვთ ის აპარატები, რაც გათვალისწინებული იყო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მიმაგრებული ექიმების კონსილიუმის რეკომენდაციებში. 

კერძოდ საუბარია MRT-სა და კათეტერიზაციის აპარატებზე. რაც შეეხება კატეს აპარატს, ის გლდანის ციხის საავადმყოფოში დღეს გადაიტანეს და ჯერჯერობით არ არის დამონტაჟებული. 

"მე გავესაუბრე ადგილზე მორიგე რეანიმატოლოგებს, მთავარ ექიმსაც, დავათვალიერე საოპერაციო და ინტენსიური თერაპიის განყოფილება. მე არ ვარ, ბუნებრივია, ექიმი და ვერ მოგახსენებთ ზუსტად, მაგრამ ადგილზე არის გარკვეული აპარატურა. ამ დროის მდგომარეობით, კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან ადგილზე არ არის MRT-ს აპარატი და კათეტერიზაციის აპარატი... კატეს აპარატი ჯერჯერობით დერეფანში დგას და ელოდებიან, რომ დამონტაჟდეს". – თქვა ნინო ლომჯარიამ. 

სახალხო დამცველის ცნობითვე, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გლდანის N18 დაწესებულებაში ის მოტყუებით გადაიყვანეს – მას უთხრეს, რომ მრავალპროფილურ, სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, სადაც ის გადაყვანას ითხოვდა. ამასთან, რუსთავის N12 დაწესებულებაში, სადაც სააკაშვილი ამ დრომდე იხდიდა მსჯავრს, არ არსებობს არცერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ექსპრეზიდენტი ინფორმირებული იყო იმის შესახებ, თუ სად გადაჰყავდათ ის. 

"მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უთხრეს, რომ შედგა კონსილიუმი და კონსილიუმმა დაგაწყვიტა, რომ ის უნდა გადაეყვანათ მულტიფუნქციურ კლინიკაში. მისი განცხადებით, მან იცოდა, რომ ის უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო კლინიკაში, შესაბამისად, საკუთარი ნებით დასთანხმდა აღნიშნულს.

ჩვენ N12 დაწესებულებაშიც ვიყავით და იქ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი გაფორმებული, სადაც აცნობენ პატიმარ სააკაშვილს, რომ გადაჰყავთ N18 დაწესებულებაში, ასეთი რამ არ არსებობს. ის ამბობს, რომ მან ზეპირად იცოდა, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში და მას შემდეგ, რაც ის შემოიყვანეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე, მან თქვა, რომ მას არ სურდა გადმოსვლა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანიდან. მისი თქმით, ის ძალის გამოყენებით შეიყვანეს N18 დაწესებულებაში". – ამბობს სახალხო დამცველი. 

ნინო ლომჯარიას თქმითვე, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას კონსილიუმთან შეხვედრა სურდა და ელოდებოდა კიდეც ამ შეხვედრას 15:00 საათისთვის, თუმცა, დაწესებულებაში მას ამაზე უარი უთხრეს. აღსანიშნავია, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია გავრცელდებოდა, ექსპრეზიდენტის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიასთან თქვა, რომ კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილს ვერ შეხვდა, რადგან პენიტენციური დაწესებულების ცნობით, სააკაშვილმა ექიმებთან შეხვედრაზე უარი თქვა. 


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 6 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს ამბობს ნებისმიერ საკვებ დანამატსა, თუ გადასხმაზე. 

ამასთან, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია გაიმართა, რომლის მოთხოვნაც სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა. აქციამ მოგვიანებით მთავრობის სახლთან გადაინაცვლა და ახლაც გრძელდება. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები