მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა

ომბუდსმენის წარმომადგენელი: სააკაშვილს ხელი მოკიდეს და გლდანის ციხეში ძალით შეიყვანეს

ომბუდსმენის წარმომადგენლის, მიხეილ ღოღაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანიდან გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. მისი თქმით, მიმდინარეობს საქმის წარმოება.

"ფიზიკური დაზიანებები მე ვერ შევნიშნე... მას არ უნდოდა გადმოსვლა, ის გადმოიყვანეს მანქანიდან, გადმოყვანა და ციხეში შესახლება მოხდა ძალის გამოყენებით, მოკიდეს ხელი და აიყვანეს საკანში" - ამბობს ღოღაძე და აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტი პალატაში იმყოფება.

"შიმშილობას აგრძელებს, სურს საერთო პროფილის კლინიკაში გადასვლა და უარს აცხადებს სამედიცინო ჩარევაზე" - განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ TV იმედის ეთერში თქვა, რომ "როდესაც მიხეილ სააკაშვილი შეასახლეს ახალ, N18 დაწესებულებაში, მან მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს, ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ ამ თანამშრომლების შეურაცხყოფის უფლებას, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება".

ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გამოთქვა "საფუძვლიანი ეჭვი", რომ გლდანის ციხეში შეყვანისას ექსპრეზიდენტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"ახლა მიზეზს ამზადებენ, რომ დაზიანებები პაციენტის აგრესიით ახსნან." - ამბობს გვარამია.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის კლინიკაში 38-დღიანი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს. ექსპრეზიდენტი, ცუდად გახდომის შემთხვევაში, სამოქალაქო კლინიკაში განთავსებას ითხოვდა. მიხეილ სააკაშვილის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ცნობით, ასეთივე იყო კონსილიუმის საბოლოო დასკვნაც, რომელიც მათ დღეს, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე ცოტა ხნით ადრე მიიღეს. 

არც ადვოკატები და არც სააკაშვილის ოჯახის წევრები წინასწარ ინფორმირებულები არ იყვნენ. მეტიც, თითქმის ერთი საათის განმავლობაში უცნობი იყო ექსპრეზიდენტის ადგილმდებარეობის შესახებ. 

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს აქვს შიმშილობა გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც დღეს, შიმშილობის მე-6 დღეს შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ის მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს აცხადებს გადასხმებზე. 

ამასთან, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია იმართება, რომლის მოთხოვნაც სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა. ხელისუფლებისთვის მიცემული 24-საათიანი ულტიმატუმის ვადა გუშინ საღამოს ამოიწურა. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები