არჩევნები 2021

ლელო ხელისუფლებას: სიტუაცია ფეთქებადსაშიშია, დაუყოვნებლივ დავიწყოთ დიალოგი

ლელო ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს. პარტიის განცხადებით, "ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობა პრეზიდენტ სააკაშვილის შიმშილობის ფონზე ყოველდღიურად მძიმდება". ლელოს შეფასებით, "სიტუაცია უკვე ფეთქებადსაშიშია და პროცესი აშკარად მიექანება ქაოსისა და სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ".

"ამ ვითარებაში, რაც არ უნდა ღრმა იყოს პოლიტიკური და პერსონალური დაპირისპირება, ქართველი ერისა და ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, ყველამ უნდა გამოვძებნოთ რესურსი გონივრული შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად.

ლელო ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს, დაუყოვნებლივ დავიწყოთ დიალოგი სიტუაციის დეესკალაციის კონკრეტული გზების გამოსაძებნად. ყოველმა დაკარგულმა წუთმა შესაძლოა დრამატულად შეცვალოს ქართული სახელმწიფოს ბედი. ლელო მზადაა დაუყოვნებლივ ჩაერთოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგში", - ნათქვამია განცხადებაში.

ადგილობრივი არჩევნების შედეგების მეორე ტურის შემდეგ, ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე თქვა, რომ დეპუტატის მანდატს ტოვებს და ხალხთან ერთად ქუჩაში გააგრძელებს ბრძოლას. რამდენიმე დღეში მან განაცხადა, რომ წალენჯიხაში გადავა, ბინას იყიდის და ახალ მერს გვერდით დაუდგება. რაც შეეხება ფრაქცია ლელოს, მისი წევრები პარლამენტში დარჩნენ.

კომენტარები