საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, მას სიარული უჭირს და შესაძლოა, კოლაფსი დაემართოს.
გვარამიამ ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ილაპარაკა. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები შესაძლოა, არ იყოს ბოლომდე ადეკვატური და ურთიერთგამომრიცხავი იყოს, რასაც მისი ფსიქიკური მდგომარეობა იწვევს.
"მინდა ვთხოვო ყველას, ვინც შედის, იქნება ეს ადვოკატი, ექიმი, თუ პარლამენტის წევრი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები წერილობით საკითხვად აქ გამოტანილ არ იქნეს, ეს განცხადებები უნდა დაიდოს მის Facebook-ზე და ამგვარად გაიგოს საზოგადოებამ, ძალიან მინდა ვთხოვო ყველას არ ვიყო არასწორად გაგებული, გთხოვთ რომ გაუწიოთ ანგარიში იმას, რომ ადამიანი არის მძიმე მდგომარეობაში და პირველ რიგში მე ვგულისხმობ უკვე, იმ სერიოზულ კვალს, რომელიც მის ფსიქიკასა და აზროვნებას ეტყობა და დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში,რომ მდგომარეობა უცვლელად მძიმეა გუშინდელის შემდეგ და ამას გავუწიოთ ანგარიში.
გავუწიოთ ანგარიში იმას, რომ შესაძლოა ყველა განცხადება არ იყოს ბოლომდე ადეკვატური, ადგილი ჰქონდეს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ მიეკუთვნება არც მსუბუქ და არც ნორმალურ კატეგორიათა მდგომარეობას, იგი არის მძიმედ, ის რომ ფიზიკურად ის ფეხზე დგას და მინდა გითხრათ, რომ ესეც უჭირს და დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში, რომ ყანყალებს ადამიანი ფეხზე რომ დგას და დაყვება ბევრად მეტი ბადრაგი, იმისთვის რომ გზაში არ წაიქცეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ბოლომდე ფსიქოლოგიურად და გონებრივადაც აკონტროლებს სიტუაციას", - ამბობს ის.
ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა შესაძლო კოლაფსის შესახებ თავად უთხრა.
"მივმართავ კვლავ ბიძინა ივანიშვილს, ვითარება არის უკიდურესად მძიმე, მოსალოდნელი არის კოლაფსი, როგორც თვითონ მითხრა სააკაშვილმა ძალიან ცოტა დრო დარჩა აქამდე, მისი შეგრძნებით, არც მე ვარ ექიმი და არც ის, მე ვამბობ, რასაც ვხედავ და რასაც მეუბნება პატიმარი, როგორ გრძნობს თავს მაგასთან დაკავშირებით. ის არ გრძნობს თავს კარგად და ელოდება კოლაფსს, კოლაფსის შემდეგ რა მოხდება არავინ იცის, ეს არის ლატარია - 50/50-ზე და რეალურად ეს ნიშნავს სიკვდილისთვის გაწირვას, თუ ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი იმას ელოდება, როდის ექნება მას კოლაფსი და როდის გადაიყვანენ საავადმყოფოში. ეს უნდა მოხდეს მანამდე და ეს კაცი უნდა იყოს გადარჩენილი მანამდე, კოლაფსის შემდეგ არავინ იცის, როგორ შემოტრიალდება ვითარება და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ფიზიოლოგიური გადარჩენა არ არის მხოლოდ ჩვენი ამოცანა, ჩვენი ამოცანაა მისი ფსიქიკისა და აზროვნების უნარის გადარჩენა", - თქვა მან.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 36-ე დღეა, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მკურნალობას ციხის საავადმყოფოში არ გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტს მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და არა კერძოში.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. ომბუდსმენის აპარატმა სამკურნალო დაწესებულება მეორედაც შეამოწმა და განაცხადა, რომ კლინიკაში სამედიცინო ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.





