კრიპტოვალუტა

საქართველოს ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტის ბაზრის დარეგულირებას გეგმავს 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას თქმით, სებ-ი კრიპტოვალუტის ბაზრის დარეგულირებას გეგმავს. სავარაუდოდ, რეგულაციები ფულის გათეთრების ნაწილში განიხილება. 

"მხოლოდ ფულის გათეთრების მიმართულებით ვაპირებთ, რომ გარკვეული შეთავაზებები გავუკეთოთ მთავრობას და პარლამენტს. დღეს ფულის გათეთრების ჩარჩო არეგულირებს ყველა რეგულირებად სუბიექტს ეროვნულ ბანკში, თუმცა ეს არ ეხება კრიპტოვალუტის გამომუშავებას და მოვაჭრეებს, რადგან, ზოგადად, ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ არ შემოდის კრიპტოვალუტები.

სამომავლოდ გვინდა, რომ ფულის გათეთრების ჩარჩო, რომელიც ეხება სხვა ფინანსურ ორგანიზაციებს, შეეხოს კრიპტოვალუტებსაც". – ამბობს ლეჟავა. 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით კრიპტოვალუტის ბაზრის დარეგულირების არაერთი წარმატებული და წარუმატებელი მაგალითი არსებობს. საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ყველაზე ეფექტური გზა კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟების დარეგულირებაა. 

აშშ-ს კანონმდებლობით, სავაჭრო ბირჟა [Binance, Coinbase] ვალდებულია, რომ აღრიცხოს სავაჭრო პლატფორმის მომხმარებლები და შეინახოს ინფორმაცია მათი ვინაობის, ტრანზაქციების ისტორიისა და ბირჟაზე განხორციელებული აქტივობების შესახებ. 

მოთხოვნის შემთხვევაში, სავაჭრო ბირჟა ვალდებულია, რომ აღნიშნული ინფორმაცია გაუზიაროს შესაბამის ორგანოებს, მაგალითად: ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ კომისიას, ფედერალურ რეზერვს ან საშემოსავლო სამსახურს.

უშუალოდ კრიპტოაქტივებზე, მაგალითად: ბიტკოინსა და ეთერიუმზე დაწესებული რეგულაციების გამოცდილება აჩვენებს, რომ სახელმწიფო ორგანოები კანონის აღსრულებას ვერ ახერხებენ და რეგულაციები დასახულ მიზანს ვერ აღწევენ. 

როგორ მიდგომას და დარეგულირების მეთოდს აირჩევს საქართველოს ეროვნული ბანკი, ჯერჯერობით, უცნობია. 
 

კომენტარები