მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ადვოკატი: თუ სააკაშვილის პროცესს დისტანციურად ჩაატარებენ, უარს ვიტყვით

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, დაცვის მხარე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომის დისტანციურად ჩატარებაზე უარს იტყვის.

"34 დღე გავიდა ისე, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესი არ ჩატარებია. მას წაართვეს თავისუფალი სასამართლოს უფლება. თუ შეეცდებიან, რომ დისტანციურად ჩაატარონ მისი სასამართლო სხდომა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უარს განვაცხადებთ". – ამბობს გიორგი გელხაური.

მისივე თქმით, სააკაშვილი 34-ე დღეა შიმშილობს და ლოგიკურიცაა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

მოშიმშილე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 10 ნოემბერსაა ჩანიშნული.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 34-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.   


ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მკურნალობას ციხის საავადმყოფოში არ გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტს მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და არა კერძოში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ცნობით, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. 

კომენტარები