იუსტიციის უმაღლესი საბჭო

აშშ-ს საელჩო მოსამართლეთა დანიშვნაზე: წარმოაჩენს, რომ არ სურთ რეფორმების განხორციელება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორი მოსამართლე წევრის დანიშნვას ეხმაურება. საელჩო აღნიშნავს, რომ როდესაც მოსამართლეთა კონფერენცია ნაჩქარევად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კონკურსისა და გამჭვირვალობის გარეშე, იგი წარმოაჩენს, რომ არ სურს რეფორმების განხორციელება გამჭვირვალობის გასაძლიერებლად და სისტემის მიმართ ნდობის გასაზრდელად.

"შეერთებული შტატები დიდი ხანია ესწრაფვის კვალიფიციური და საქმისადმი ერთგული მოსამართლეთა კორპუსის ჩამოყალიბებას და, ამავდროულად, მოუწოდებს რეფორმების განხორციელებისკენ, რომელიც იმ მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების შესაძლებლობას გააჩენს, რომლებიც ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას. [რეფორმებს] შორისაა საკანონმდებლო ცვლილებები კორპორატივიზმის თავიდან აცილებისა და დემოკრატიის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების უზრუნველყოფისთვის. სასამართლო სისტემის ლიდერები ამტკიცებენ, რომ სასამართლო სისტემას უსამართლოდ აკრიტიკებენ გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების, დაწინაურების ან ცვლილების არარსებობის გამო. თუმცა, როდესაც მოსამართლეთა კონფერენცია ნაჩქარევად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კონკურსისა და გამჭვირვალობის გარეშე, იგი წარმოაჩენს, რომ არ სურს რეფორმების განხორციელება, რომელმაც უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ნდობა დანიშვნების პროცესის, კანდიდატებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. სასამართლო სისტემის ბევრი კვალიფიციური პროფესიონალი წევრი, რომელიც დახურული სისტემის გამო გამოთიშულია ამ პროცესიდან, უკეთესს იმსახურებს". – ნათქვამია განცხადებაში.

საელჩო თვლის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა დანიშვნის პროცესი არც კონკურენტული იყო და არც გამჭვირვალე.

31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ XXX კონფერენციაზე ორი ახალი მოსამართლე წევრი აირჩია. კონფერენციამდე უფლებამოსილება ვადამდე შეიწყვიტა საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, თამარ ონიანმა, რომელსაც უფლებამოსილება 2022 წლის 24 მარტს ეწურებოდა და თეა ლეონიძემ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზუსტად ერთი წლის წინ იქნა არჩეული.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მიიჩნევს, რომ წევრთა დანიშვნა წარმოადგენს სასამართლოში არსებული კლანის წარმატებულ მცდელობას, სხვა საკითხებზე მიმართული საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე დააკომპლექტოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მისთვის სანდო და ლოიალური მოსამართლეებით და მომდევნო წლების განმავლობაში გარანტირებულად შეინარჩუნოს გავლენა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე.

კომენტარები