არჩევნები 2021

კალაძე: თუ შევადარებთ წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებს, წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს

"თუ შევადარებთ წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებს, წინგადადგმული ნაბიჯები
გვაქვს, თუმცა ამაზე არ უნდა გავჩერდეთ" – ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე 31 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს. 

კალაძის თქმით, არჩევნების დროს იყო პატარ-პატარა დარღვევები, იყო გარკვეული
დაპირისპირებებიც, თუმცა, მისი თქმით, ყველაფერი შედარებითია. 

"ბათილი ბიულეტენები ყოველთვის არსებობს. დარწმუნებული ვარ, ჩემი
ბიულეტენებიც უამრავი იქნება გაბათილებული, ასე რომ, შეუძლიათ, შერჩევით
გააკეთონ გადათვლა, ვფიქრობ, ეს არც კანონს ეწინააღმდეგება და ამის
შესაძლებლობაც არის უკვე". – თქვა კალაძემ.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია. 6 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება.

აშშ-ს საელჩომ 30 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადება  გაავრცელა. საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს მედის წარმომადგენლებსა და საარჩევნო დამკვირვებლებზე ძალადობის ცნობებთან დაკავშირებით.

ეუთო/ოდირმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე წინასწარი მიგნებები და დასკვნები გამოაქვეყნა. ანგარიში არჩევნების მეორე ტურს მთლიანობაში დადებითად აფასებს, თუმცა საარჩევნო პროცესში არსებულ ხარვეზებზეც საუბრობს.


კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ 2021 წლის 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გაშუქებისას ჟურნალისტებს და ოპერატორებს რიგ შემთხვევებში არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად შეესრულებინათ პროფესიული მოვალეობა. ისინი თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში მუშაობდნენ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის ან/და თავდასხმის მაღალი რისკის შემცველ აგრესიულ გარემოში, სამართალდამცველები კი ვერ უზრუნველყოფდნენ მათი ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას და ხელშემშლელი გარემოებების ეფექტურ აღმოფხვრას.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები