არჩევნები 2021

აშშ-ს საელჩო: გვაშფოთებს სარწმუნო ცნობები დამკვირვებლებსა და მედიაზე ძალადობის შესახებ

ტაბულა

აშშ-ს საელჩო 30 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს მედის წარმომადგენლებსა და საარჩევნო დამკვირვებლებზე ძალადობის ცნობებთან დაკავშირებით.

ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს სარწმუნო ცნობები საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ, როგორც პირველი ასევე მეორე ტურის განმავლობაში. ეს ჯგუფები ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და თავდასხმები მედიისა და საარჩევნო დამკვირვებლების მიმართ უნდა იყოს გამოძიებული და გასამართლებული კანონის სრული სიმკაცრით. მათი ცნობები უნდა იყოს მიჩნეული, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება შეუძლია. – ნათქვამია განცხადებაში.

 

საელჩოს თქმით, არჩევნები ხანგრძლივი და განხეთქილების გამომწვევი კამპანიის შემდეგ ჩატარდა. აშშ-ს დიპლომატიური მისია იზიარებს ეუთო-ოდირის შეფასებას არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, რომ პროცესი მშვიდად და კარგად იყო ორგანიზებული, "თუმცა, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა". 

აშშ-ს საელჩოს განცხადების მიხედვით, მათმა სადამკვირვებლო ჯგუფებმა ქვედა დონის საარჩევნო კომისიებში, რამდენიმე უბანზე დააფიქსირეს მიკერძოებისა და ჩარევის ფაქტები.

ამერიკის საელჩო მხარეებს მოუწოდებს სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებისკენ და საარჩევნო დავების მშვიდობიანი გზებით გადაჭრისკენ. მათი თქმით, "საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით".

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია. 6 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები