არჩევნები 2021

წითლიძე: დამკვირვებლებს სამაგიდო სიების კონტროლის უფლებას არ აძლევენ, უბნებიდან აგდებენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი და ზუგდიდში პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ანა წითლიძე იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც პარტიის დამკვირვებლებმა ზუგდიდში დღის პირველ ნახევარში აღრიცხეს. 

ანა წითლიძის ცნობით, ქალაქის ყველა უბანზე ენმ-ს დამკვირვებლებსა და წარმომადგენლებს შეეზღუდოთ სამაგიდო სიების კონტროლის, საჩივრების დაწერის შემდეგ კი მათ საოლქო კომისიის თავმჯდომარე უბნებიდან აგდებს. 

"დილიდან, მასიურად, ქალაქის ყველა უბანზე ჩვენს დამკვირვებლებს და წარმომადგენლებს შეეზღუდათ სამაგიდო სიების კონტროლი. მასიურად, თითქმის ყველა უბანზე კომისიის წევრებმა, კომისიის თავმჯდომარეებმა მათ არ მისცეს უფლება, რომ ეკონტროლებინათ სამაგიდო სიები და ამიტომაც, თითქმის ყველა უბანზე დილიდან იყო დაპირისპირება. ასევე, იმის გამო, რომ ამაზე ჩვენი დამკვირვებლები და წარმომადგენლები წერდნენ საჩივრებს, გამოგვიძევეს მთელი რიგი უბნებიდან დამკვირვებლები.

მაგალითად, ქალაქის მე-10 და მე-3 უბნებიდან და ახლა ჩვენი ყველა წარმომადგენელი და ჩვენი ყველა დამკვირვებელი არის გამოგდების ზღვარზე, იმიტომ, რომ ადგილებზე ეს ადამიანები იბრძვიან იმისთვის, რომ აღკვეთონ ყველა დარღვევა". – ამბობს ანა წითლიძე. 

დეპუტატის ცნობით, ფაქტობრივად არცერთ უბანზე არ არის დაცული 100-მეტრიანი დისტანცია და მიუხედავად მათი წარმომადგენლების მიმართვისა, პოლიცია არაფერს აკეთებს. წითლიძე სამართალდამცველებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ქალაქის ყველა უბანზე 100-მეტრიანი დისტანციის დაცვა, რათა უბნების შიგნით და სიახლოვეს არ იყვნენ არაუფლებამოსილი პირები შეკრებილები. 

"ადამიანები ნარკოტიკული ნივთიერებების თრობის ქვეშ, ე.წ ძველი ბიჭები იმყოფებიან საარჩევნო უბნებზე, ისინი ცდილობენ ზემოქმედების მოხდენას ამომრჩეველზე". – თქვა ანა წითლიძემ. 

მისივე ცნობით, ზუგდიდის 81-ე უბანზე ენმ-ს დამკვირვებელს ქართული ოცნების დამკვირვებლებმა ხელი გაარტყეს, მე-20 უბანზე კი ამომრჩეველმა ქუჩაში ნაპოვნი ბიულეტენები შეიტანა უბანზე და თქვა, რომ ეს ბიულეტენები იპოვა. 

ზუგდიდში დღეს მერის არჩევნების მეორე ტური იმართება, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან კანდიდატი ანზორ მელიაა, ქართული ოცნებიდან კი –  მამუკა წოწერია. პირველ ტურში მელიას 46.88% ჰქონდა, წოწერიას კი – 41.15%.

კომენტარები