ინფლაცია

სექტემბერში ბენზინი 44%-ით გაძვირდა

Reuters

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის სექტემბრის მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წინა თვეში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბენზინი 44%-ით გაძვირდა.

გაზრდილია დიზელიც ფასიც და წინა წლის სექტემბერთან შედარებით 37%-ით გაძვირდა. ბენზინის და დიზელის ფასების ზრდის წვლილი წლიურ ინფლაციაში 1.9 პროცენტულ პუნქტს გაუტოლდა. ფასების ზრდის მთავარ ფაქტორად ნავთობის გაძვირება სახელდება.

"მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა. 2020 წლის სექტემბერთან შედარებით ბენზინი - 44.0 პროცენტით, ხოლო დიზელი 37.0 პროცენტით გაძვირდა, რითაც საწვავის წვლილი წლიურ ინფლაციაში 1.9 პპ-ს გაუტოლდა. ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 9.2 პროცენტით გაძვირდა (0.7 პპ წვლილი ინფლაციაში), ხოლო სიგარეტის გაძვირების წვლილმა ინფლაციაში 0.2 პპ შეადგინა", - წერია სებ-ის ანგარიშში.

მიმდინარე წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3% შეადგინა. წლის განმავლობაში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები გაიზარდა 15.9%-ით, საცხოვრებელის, წყლის, ელ.ენერგიის, აირის ჯგუფში 11.8%-იანი მატებაა, ჯანდაცვა ჯამში 9.2 პროცენტით გაძვირდა, სატრანსპორტო სექტორში კი ფასები 20.3%-ით გაიზარდა.

კომენტარები