მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბოკერია გორდონზე: ვისი შემოსვლა აწუხებთ და ვისი არა – ეს ტესტია, თუ როგორი მთავრობა გვყავს

გიგა ბოკერია
დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქვეყანაში უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრი გორდონის არშემოშვებას ეხმაურება. ბოკერიას სიტყვებით, ხელისუფლებას საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვისა და რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის შემოშვება "არ აწუხებდა", უკრაინელ ჟურნალისტს კი, რომელმაც, შესაძლოა, კრიტიკული სიუჟეტი მოამზადოს, არ უშვებს - ბოკერიას შეფასებით, ეს დამოკიდებულება ტესტია, "თუ როგორი ხელისუფლება გვყავს".  

"თითქოს, რეჟიმისთვის ეს ხომ არაფერს წყვეტს, მაგრამ ამ საკითხშიც ცდილობენ ძალის დემონსტრირებას, რომ ამას არ დაუშვებენ. უკრაინასთან მიმართებით, ყველაზე სკანდალური და სამარცხვინო ჟურნალისტის არშემოშვება იყო. ქვეყანას სუვერენული უფლება აქვს, რომ ვინც არ უნდა, არ შემოუშვას, ოღონდ ტესტი, როგორი ხელისუფლება გვყავს ისაა, ვისი შემოსვლა აწუხებთ და ვისი - არა. 

გავრილოვის, პოზნერის პუტინთან და სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ფიგურების შემოსვლა არ აწუხებთ - გვიმტკიცებდნენ, არ გქონდა არშემოშვების უფლებაო. უკრაინელი ჟურნალისტი, რომელმაც შესაძლოა, კრიტიკული სიუჟეტი გააკეთოს, ეს აწუხებთ და იყენებენ საკუთარ დისკრეციას. ესაა ამ რეჟიმის სახე". - ამბობს გოგა ბოკერია.   

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის არშემოშვებაზე საუბრისას ამბობს, რომ "შოუს დადგმის" საშუალებას არავის მისცემენ, დეპუტატის, გიორგი ვოლსკის სიტყვებით კი გორდონი მხოლოდ ჟურნალისტური საქმისთვის არ შემოდიოდა და ის სააკაშვილის მოკავშირეა. ვოლსკი ამბობს, რომ უკრაინელი ჟურნალისტის მიზანი "ესკალაცია, სკანდალის შექმნა" იყო და მესაზღვრის ადგილას არც თვითონ შემოუშვებდა.

27 ოქტომბერს დმიტრი გორდონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. არშემოშვებას უკრაინელი ჟურნალისტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს, რადგან ქვეყანაში ციხეში მასთან შესახვედრად ჩამოდიოდა.  

"ერთი საათის წინ ჩამოვფრინდი თბილისში და მთელი ეს დროა, პასპორტში ბეჭდის ჩარტყმას ველოდებოდი საპასპორტო კონტროლის განყოფილებასთან. ახლახანს ოფიციალურად გამომიცხადეს, რომ საქართველოში შესვლა აკრძალული მაქვს. მიზეზი არ მითხრეს. ერთმნიშვნელოვნად ვუკავშირებ ამ ფაქტს იმას, რომ ახლახანს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით, დააორგანიზოს ჩემი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში. 

ყველაფერი, რაც მოხდა, ეს საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილია საქართველოს ხელისუფლებისა. მივფრინავ კიევში იმავე თვითმფრინავით, რომლითაც ჩამოვფრინდი". - დაწერა მან. 

დმიტრი გორდონი მიხეილ სააკაშვილს დაკავების დღიდან უჭერს მხარს. 1 ოქტომბერს გორდონმა ჩაწერა ვიდეომიმართვა მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებდა, იბრძოლოს საქართველოს ექსპრეზიდენტის გათავისუფლებისთვის, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს. 

"მიხეილ სააკაშვილმა უზარმაზარი როლი ითამაშა იმაში, რომ უკრაინა დარჩეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ. მე გულწრფელად ვაფასებ ამ ადამიანს, მიყვარს ის და ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. მივმართავ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, იმოქმედოს იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, გამოჩენილი ადამიანი და რეფორმატორი, სწრაფად გათავისუფლდეს ციხიდან". – თქვა გორდონმა ვიდეომიმართვაში. 

კომენტარები