მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კობახიძე გორდონის არშემოშვებაზე: შოუს დადგმის საშუალებას არავის არ მივცემთ

ტაბულა

საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრი გორდონის არშემოშვებაზე საუბრისას ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "შოუს დადგმის" უფლებას არავის მისცემენ.  

"ერთადერთი, რაც ქმნიდა უხერხულობებს ორი მეგობრული სახელმწიფოს ურთიერთობაში, ეს იყო სააკაშვილის ფაქტორი და, მადლობა ღმერთს, დღეს დაისვენა როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ. პატარა კუდები რჩება იმ ადამიანების გამო, რომლებიც ცდილობენ, რომ აქედან შოუ მოაწყონ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ სააკაშვილი საერთოდ ყველანაირი დღის წესრიგიდან გაქრება 30 ოქტომბრის შემდეგ და აქედან გამომდინარე, გაქრება ყველანაირი უხერხულობა, რაც დღემდე არსებობდა საქართველოსა და უკრაინას შორის. 

რაც შეეხება კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების შეშვება-არშეშვევას კონკრეტულ სახელმწიფოში, ამ შემთხვევაში, საქართველოში, ეს არის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი და იგივე რამ შეიძლება მოხდეს უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების მიმართ, შეიძლება, მოხდეს აშშ-ში გერმანიის მოქალაქეების მიმართ და ა.შ. ერთი არის მთავარი - შოუს დადგმის საშუალებას ჩვენ, ბუნებრივია, არავის არ მივცემთ. კონკრეტულმა უწყებამ რატომ არ შემოუშვა კონკრეტული პირი საქართველოში, ამაზე მე ვერ გავაკეთებ განმარტებას - ჰკითხეთ და განმარტავენ". - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

27 ოქტომბერს დმიტრი გორდონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. არშემოშვებას უკრაინელი ჟურნალისტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს, რადგან ქვეყანაში ციხეში მასთან შესახვედრად ჩამოდიოდა.  

"ერთი საათის წინ ჩამოვფრინდი თბილისში და მთელი ეს დროა, პასპორტში ბეჭდის ჩარტყმას ველოდებოდი საპასპორტო კონტროლის განყოფილებასთან. ახლახანს ოფიციალურად გამომიცხადეს, რომ საქართველოში შესვლა აკრძალული მაქვს. მიზეზი არ მითხრეს. ერთმნიშვნელოვნად ვუკავშირებ ამ ფაქტს იმას, რომ ახლახანს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით, დააორგანიზოს ჩემი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში. 

ყველაფერი, რაც მოხდა, ეს საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილია საქართველოს ხელისუფლებისა. მივფრინავ კიევში იმავე თვითმფრინავით, რომლითაც ჩამოვფრინდი". - დაწერა მან. 

დმიტრი გორდონი მიხეილ სააკაშვილს დაკავების დღიდან უჭერს მხარს. 1 ოქტომბერს გორდონმა ჩაწერა ვიდეომიმართვა მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებდა, იბრძოლოს საქართველოს ექსპრეზიდენტის გათავისუფლებისთვის, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს. 

"მიხეილ სააკაშვილმა უზარმაზარი როლი ითამაშა იმაში, რომ უკრაინა დარჩეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ. მე გულწრფელად ვაფასებ ამ ადამიანს, მიყვარს ის და ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. მივმართავ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, იმოქმედოს იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, გამოჩენილი ადამიანი და რეფორმატორი, სწრაფად გათავისუფლდეს ციხიდან". – თქვა გორდონმა ვიდეომიმართვაში. 

კომენტარები