არჩევნები 2021

მმართველი გუნდის აქცია "ანტიეკლესიური ძალის წინააღმდეგ" – მთავარი მომენტები მოკლედ

არჩევნები 2021

მმართველი გუნდის აქცია "ანტიეკლესიური ძალის წინააღმდეგ" – მთავარი მომენტები მოკლედ

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციიდან 13 დღეში მმართველმა გუნდმა თავისუფლების მოედანზე “შემაჯამებელი შეკრება” გამართა და მოქალაქეები რეგიონებიდან ჩამოიყვანა. აქცია ერთ საათს გაგრძელდა, დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები კი, თითქმის ორი დღე იყო პარალიზებული - ჯერ კიდევ 26 ოქტომბრის საღამოდან გადაიკეტა თავისუფლების მოედანი და მიმდებარე ქუჩები, ორთაჭალიდან მიმავალი მგზავრები ავტობუსებიდან ჩამოიყვანეს და გზის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს. დილიდან აიკრძალა გადაადგილება რუსთაველის გამზირსა და მასზე გამავალ ყველა ქუჩაზე, დიდი ზომის ტრანსპორტისთვის დაიკეტა ვახტანგ გორგასლის მოედანიც. გარდა ამისა, ქართული ოცნების აქციის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედაქალაქში საჯარო პარკინგის ადგილები შემოსაზღვრა, მათ შორის, შეკრების ადგილიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებით. ასევე, აქციის დასრულებიდან რამდენიმე საათი, რუსთაველიდან მელიქიშვილის გამზირის ჩათვლით გზის ნაპირები, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები დაკავებული ჰქონდათ მმართველი პარტიის დაქირავებულ ავტობუსებს, რომლებითაც მხარდამჭერები რეგიონებიდან ჩამოიყვანეს და შემდეგ, უკან დააბრუნეს. აქციის დასრულების შემდეგ, ქართული ოცნების თბილისელ მხარდამჭერებსაც გაუკეთა მმართველმა გუნდმა “საჩუქარი” გაუკეთა და თავისუფლების მეტროთი უფასოდ, საზოგადოების ხარჯზე ამგზავრა.

მმართველი პარტიის ერთსაათიან აქციაზე, ჯერ “დელიკატური ჰიმნი” შესრულდა, შემდეგ კი სიტყვით ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერი გამოვიდა, მათ შორის, პრემიერმინისტრი, პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და კულტურის მინისტრი. მათ ხაზი გაუსვეს, რომ 2012 წელს “ბოროტი, მახინჯი სისტემის დამარცხება” ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით შეძლეს.

“ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაგვაკისრა პასუხისმგებლობა, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის სიმტკიცე, ადამიანის ღირსება და თავისუფლება. დღესაც, 21-ე საუკუნეში ჩვენი ეროვნული ფასეულობების, მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვა ჩვენს ყოველდღიურ ბრძოლასა და თავდადებას მოითხოვს” - თბილისის მერი, მერობის კანდიდატი, კახი კალაძე.

გამომსვლელთა სიტყვის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ წინა ხელისუფლების “ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეკლესიურ” ძალად გამოცხადებას მიეძღვნა. მმართველი ძალის ლიდერები ოპოზიციას წარმოაჩენდნენ როგორც ეკლესიასთან მებრძოლ, “ანტიეროვნულ ძალად”, საკუთარ თავს და აქციაზე რეგიონებიდან ჩამოყვანილ მოქალაქეებს კი, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანებად. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში “ანტიეკლესიური და ანტიეროვნული ძალები რეგიონებში შეიტანენ მუდმივ საბოტაჟს, ქაოსს და არეულობას”, მოქმედი ხელისუფლება კი “ჰუმანური, ნამდვილად დემოკრატიული, ევროპული და ეროვნული ღირებულებების მქონეა”. ის შეკრებილებს აღმშენებლობას, მშვიდობას, სტაბილურობას და გაერთიანებას დაპირდა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი, 30 ოქტომბრის არჩევნების ღირსებისთვის ბრძოლად შეაფასა, ხოლო ოპოზიცია - სახელმწიფოს მუდმივ საფრთხედ.

“გვიპირისპირდება რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია, არის მუდმივი საფრთხე ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის” - ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

“ჯალათების და მოღალატეების პარტია”, “დიქტატორი სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმი”, “მწამებლები და მკვლელები” - ეს სიტყვები არაერთხელ გაისმა როგორც პრემიერმინისტრის და ქართული ოცნების თავმჯდომარის, ისე კულტურის მინისტრის და თბილისის მერის განცხადებებში. მმართველი პარტიის ლიდერებმა 2008 წლის ომი და რუსული ოკუპაცია კვლავ "სააკაშვილის გაუაზრებელ თუ მოღალატეობრივ პოლიტიკას” დააბრალეს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ კი “მომავალზე უნდა ავიღოთ სწორება, თუმცა, წარსულის გახსენება და შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია”.

“ადრე თუ გვიან, ძვირფასებო, სამართალი ყველასთან მივა და ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას, არავის ვაპატიებთ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი მიწის გაყიდვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი პატრიარქის, სასულიერო პირების და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის, მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვას და შეურაცხყოფას” - პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ქართული ოცნების ლიდერების შეფასებით, არჩევნების მეორე ტურამდე სამი დღით ადრე თავისუფლების მოედნის გავსებით “მთელ მსოფლიოს” აჩვენეს ქართველი ხალხის არჩევანი. მათი აზრით 30 ოქტომბრის არჩევნები სიკეთესა და ბოროტებას შორის იქნება.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების ტრიუმფალური გამარჯვება უწოდა 2 ოქტომბრის არჩევნებს, მაშინ, როცა ქვეყნის მასშტაბით ხუთივე თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში მეორე ტური გახდა საჭირო, მათ შორის, დედაქალაქში. ამის გარდა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნა 41 მაჟორიტარულ ოლქში.

ყოფილი ხელისუფლების დემონიზების მცდელობის შემდეგ, პრემიერმინისტრმა დაპირისპირების დასრულების და გაერთიანების სურვილიც გამოთქვა, ისე, “როგორც ამას ჩვენი ეროვნული განძი და კულტურის სიამაყე, ჩვენი წინაპრების შექმნილი ქართული პოლიფონია გვასწავლის, ჩვენი მრავალჟამიერი, სადაც განსხვავებული ხმები ერთიან ჰარმონიას ქმნიან”.

აქციაზე სიტყვით კულტურის მინისტრი თეა წულუკიანიც გამოვიდა, მან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართა, “გამოიხედოს ციხის საკნიდან” და ნახოს, “რამდენი თავისუიფალი ქართველია აქ”. მისი თქმით, ხელისუფლების გაკეთებული საქმეების სია გრძელია და ამისთ ჩამოსათვლელად დრო არ ეყოფა, თუმცა, “შაბათს ერთ მხარეს დევს ბოროტება, რომელმაც ჩვენი შვილები ჩახოცა ისეთ გაუაზრებელ ომში, რომ შემდეგ მიწასაც არ მიაბარა, ის ფარისევლური ძალა, რომელიც ზეიმობდა ტერიტოიების დაკარვას ერთი ბეწო საქართველოსი, მეორე მხარეს ვართ ჩვენ”.

"ჩვენი ხელისუფლების ვალია, ხელისუფლება გადააბაროს არა ლეშიჭამიებს, არა ქართველთმოძულეებს, არა იმათ, ვინც ბნელი წარსულის მოციქულები არიან და ახლა საკნებიდან იჭყიტებიან, არა იმათ, ვინც ებრძვის ილია ll-ს, არა იმათ, ვინც ებრძვის სიწმინდეს, ხატს და ჯვარს, არა იმათ, ვისაც უნდა საკუთარი ფეხის ქვეშ დამონებული ქართველი, არამედ ახალ თაობებს" - კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი.

ქართული ოცნების ერთსაათიანი აქციის ბოლო გამომსვლელი მოქმედი მერი და თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იყო. მანაც 30 ოქტომბრის არჩევნებზე თქვა, რომ ამომრჩეველს პირველ რიგში ღირებულებითი არჩევანის გაკეთება მოუწევს.

"საბოლოოდ უნდა დავასრულოთ ძალადობასა და ბოროტებაზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალის ამბიციები ამ ქვეყანაში, გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და ვაჩვენოთ როგორც ერთმანეთს, ისე მთელ მსოფლიოს, რომ ამ უდიდესი კულტურის ქვეყანაში ადამიანის ღირსების და რწმენის შეურაცხყოფის ადგილი არ არის და არ არსებობს" - თქვა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატის აზრითვე, მმართველმა ძალამ ოპოზიციის მხარდამჭერებიც უნდა დაიხსნას "ძალადობრივი იდელოგიის ტყვეობისგან", შეეცადოს, "ავუხილოთ თვალი მათ და მოვაქციოთ სახელმწიფოსა და საკუთარი ხალხის პატივისცემისკენ".

მმართველმა პარტიამ მასშტაბური აქცია "შემაჯამებელი შეკრების" საბაბით თუ ოპოზიციის საპასუხოდ იმ პირობებში გამართა, როცა ქვეყანაში კორონავირუსის დღიური დადასტურებული შემთხვევები 4 000-ზე მეტია, ეპიდემიოლოგები მეხუთე ტალღის დაწყებაზე საუბრობენ, სრულად აცრილი კი ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 32.6%-ია. თუმცა, მაშინ, როდესაც აქციებს ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები მართავდნენ, ქართული ოცნების წევრები  კორონავირუსის "უპასუხისმგებლობით" გავრცელებაზე საუბრობდნენ და ოპონენტებს ეპიდემიური სიტუაციის დამძიმებაში სდებდნენ ბრალს. მმართველი გუნდის განცხადებები შეგიძლიათ ნახოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები