არჩევნები 2021

ოცნება ამტკიცებდა, რომ ოპოზიციის აქციები პანდემიას ამძიმებდა – დღეს თავად მართავს

დღეს, 27 ოქტომბერს 17:00 საათზე ქართული ოცნება თავისუფლების მოედანზე აქციას გამართავს. პარტიის წევრების ინფორმაციით, აქცია მასშტაბური იქნება - ქართულმა ოცნებამ დასასწრებად მოქალაქეები რეგიონებიდანაც ჩამოიყვანა. 

თუმცა, პანდემიის დაწყების შემდეგ, მაშინ, როდესაც საპროტესტო აქციებს სხვადასხვა მიზეზით ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები მართავდნენ, ქართული ოცნების წევრები "უპასუხისმგებლობით" კორონავირუსის გავრცელებაზე საუბრობდნენ და ოპონენტებს ეპიდემიური სიტუაციის დამძიმებაში სდებდნენ ბრალს. დღეს, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის დღიური დადასტურებული შემთხვევები 4 000-ზე მეტია, ეპიდემიოლოგები მეხუთე ტალღის დაწყებაზე საუბრობენ, სრულად აცრილი კი ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 32.6%-ია, მმართველი პარტია მასშტაბურ აქციას თავად მართავს.  

2021 წლის 6 აპრილს, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ 15 აპრილს საპროტესტო აქციას ჩაატარებდნენ, ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ოპოზიციის საპროტესტო აქციები კორონავირუსის გავრცელებას უწყობს ხელს:

"ჩვენი ოპონენტების დამოკიდებულება პანდემიისა და მისი სერიოზულობის მიმართ ცნობილი არის - მათ შორის, 15 მაისს ჩანიშნული მიტინგიდან გამომდინარე და რაც ამ პროცესში ჩვენ მათგან ვნახეთ, საპროტესტო აქციები და ა.შ., ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას". 

23 ივლისს ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ინფიცირების დღიური რაოდენობის გაორმაგება "უპასუხისგებლო აქციებს" დააბრალა. ღარიბაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავი შეეკავებინათ: 

"მოგეხსენებათ, რომ პრაქტიკულად გაორმაგდა ბოლო ორ კვირაში ინფიცირების რაოდენობა. აქვე მინდა აღვნიშნო, მე ვიტყოდი, სავსებით სამართლიანად, რომ რამდენიმე დღიანი უპასუხისმგებლო აქციების პირდაპირი შედეგია ის, რაც მოხდა, ამ აქციების შემდეგ მოხდა ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგება. ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოვიჩინოთ ყურადღება, სიფრთხილე, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს აქტივობას, ნებისმიერ შეკრებას, ხალხმრავალი შეკრებებს". 

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე კი 2020 წლის ნოემბერში ამბობდა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართული აქციების გამო "საწოლფონდი მოაბილიზეს": 

"როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დააფიქსირა, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა იმ ქუჩაში გამართულ აქციებს, ჩვენ დროულად მოვაბილიზეთ დამატებითი საწოლფონდი".  

2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ეპიდსიტუაციის დამძიმების მიზეზად აქციებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძეც ასახელებდა: 

"ეპიდემიოლოგიურად ვითარება რთულია. ვიმყოფებით მეორე ტალღის მაღალი გავრცელების ფაზაში, რაც პროგნოზირებადი იყო, მაგრამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა ქუჩის აქციებმა და რეკომენდაციების შეუსრულებლობამ. თუ სასწრაფოდ არ მოხდა ვითარების სტაბილიზაცია, შესაძლოა, ქვეყანამ და საზოგადოებამ გამოუსწორებელი ზიანი მიიღოს".  

არჩევნების შემდეგ გამართულ აქციებზე საუბრისას ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კი ამბობდა, რომ "არავითარი რისკის შემცველი ეს აქცია არაა, გარდა ერთისა, ესაა კოვიდის გავრცელება". 

ოპოზიციის მიერ გამართული აქციით ვირუსის გავრცელებაზე საუბრობდა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძეც 2020 წლის 4 ნოემბერს: 

"მე მესმის, რომ მათ უნდათ მუხტის შექმნა და სხვა თემები გვერდით გადაწიეს, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს ერთი მთავარი თემა - კორონავირუსი არის გამოწვევა, რომელიც ძალიან მძაფრად არის ჩვენს წინაშე. რა რეკომენდაციებზეა საუბარი, როდესაც ისინი აბსოლუტურად არიან გასული წითელ ხაზებს, მაგრამ ელემენტარული რეკომენდაციების დაცვაც კი არ მიდის. 

შეიძლება, ცოტა ირონიულადაც კი ჟღერდეს, მაგრამ ეს მაინც მოვუწოდო, რომ ჟურნალისტებს გაუფრთხილდნენ, პოლიციელს გაუფრთხილდნენ, თავიანთ მომხრეებსა და აქტივისტებს გაუფრთხილდნენ, რომლებიც იქ მიიყვანეს, ამ დესტრუქციაში მონაწილეობის მისაღებად და დაიცვან ელემენტარული რეკომენდაციები, რომ ასე თავისუფლად არ მოხდეს ვირუსის გავრცელება". 

ვირუსის გავრცელებაში ოპოზიციას სდებდა ბრალს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეც

"მაშინ, როდესაც ჯანდაცვის პროფესიონალების დაძაბული შრომის შედეგად, აჭარაში კოვიდ19-ის შემთხვევათა სტაბილიზაციას მივაღწიეთ, ნაცმოძრაობამ ბათუმში შეკრიბა მოქალაქეები უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე. ეს არის საკუთარი ქვეყნის და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება! 

[...] ამ პარტიის ქცევა აჩვენებს, რომ ადამიანი მათთვის ნულოვანი ღირებულების მატარებელია და რევანშისთვის ისინი საკუთარ მხარდამჭერებსაც გაწირავენ. შესაბამისად, ყველაფერი რასაც ადამიანებს პირდებიან - სიცრუეა".   

კომენტარები