არჩევნები 2021

არჩევნებამდე 3 დღით ადრე მერია სამგორში 57 ოჯახს სახლებს სიმბოლურად ფასად გადასცემს

კახა კალაძე
თბილისის მერია

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე 3 დღით ადრე თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით მერია სამგორში 57 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

კახა კალაძის თქმით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამის ფარგლებში საერთო ჯამში 2 000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. თბილისის მოქმედმა მერმა ანალოგიური პრობლემის მქონე მოქალაქეებს მოუწოდა, დაკანონებასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაციის მისაღებად მათივე რაიონის გამგეობებს მიმართონ. 

"ჩვენ გვაქვს საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა, რომელიც გულისხმობს ქონების სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაცემას იმ ოჯახებისთვის, რომლებიც გარკვეული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ მათ დაკანონებას. 

2 000-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დავუკანონეთ და ამ ადამიანებს სიხარული და ბედნიერება დავუბრუნეთ. დღეს მაქვს პატივი, სამგორის რაიონში კიდევ 57 ოჯახს გადავცეთ სიმბოლურ ფასად საცხოვრებელი ფართები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ამ ოჯახებს მივულოცო და წარმატებები ვუსურვო". – ამბობს კახა კალაძე. 

თბილისის მერმა მიმართა ასევე ყველა იმ ოჯახს, ვისაც საცხოვრებელი ფართის დაკანონების პრობლემა აქვს, რომ აუცილებლად უნდა მიმართონ მათივე რაიონის გამგეობას, სადაც მიაწვდიან დაწვრილებით ინფორმაციაზე იმაზე, რა საბუთები უნდა წარადგინონ ფართების დასაკანონებლად. 

"300 მილიონზე მეტი ღირებულების ქონება გვაქვს მთლიანობაში მსგავსი ოჯახებისთვის გადაცემული, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო". – თქვა კახა კალაძემ. 

ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურები 30 ოქტომბერს გაიმართება. თბილისში კახა კალაძის ოპონენტი ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ნიკა მელიაა. 

კომენტარები