არჩევნები 2021

მელია: ჩვენი გამარჯვებისთანავე წვევამდელები კარისკაცებად და დარაჯებად აღარ დადგებიან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისა და თბილისში ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, მათი გამარჯვების შემთხვევაში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული წვევამდელები უწყებების "კარისკაცებად და დარაჯებად" აღარ დადგებიან. მელია ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტრო ამ პროცესს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებს აორგანიზებინებს, რაც არასწორია.

"ძალიან მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო, რომელიც მიმაჩნია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტების გადასაწყვეტი და დასაორგანიზებელი საკითხი არავითარ შემთხვევაში არ არის უნდა იყოს. იცით, რომ თავდაცვის სამინისტრო ვითომ ჯარში იწვევს წვევამდელებს, მაგრამ სინამდვილეში კარისკაცებად და დარაჯებად აყენებს მოდულის შენობებთან, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან. ამ ყველაფერს აორგანიზებინებს მუნიციპალიტეტებს, მათ შორის, დედაქალაქის მერიას, სხვადასხვა გამგეობას. თავად გახლდით გამგებელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში და ვერ ვხვდებოდი, რა მთაწმინდის გამგეობის საქმე იყო ძალდატანებით ახალგაზრდა მოიყვანო გამგეობაში, სტრესის ქვეშ ამყოფო, ძალდატანებით განცხადება დააწერინო და სადღაც გააგზავნო, რომელიღაც სამინისტროში, ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს ვგულისხმობ.

რა თქმა უნდა, ვთანხმდებით, რომ თავდაცვისუნარიანობა გასაძლიერებელია, მეტიც, ბიუჯეტი აქვს თავდაცვის სამინისტროს გასაზრდელი, გასაორმაგებელიც. მყარად გვინდა დავაფიქსიროთ პოზიცია, რომ მომხრეები ვართ, თავდაცვის სისტემა გაძლიერდეს, მათ შორის, ფინანსურად, მაგრამ არანაირად ეს არ არის მუნიციპალიტეტის საქმე. ამიტომ დედაქალაქის მერია და გამგეობები არ შეუწყობენ ხელს ახალგაზრდებისთვის ცხოვრების დამახინჯებას. ჩვენი გამარჯვებისთანავე, ვფიქრობ, ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის შემდეგი – კარისკაცებად და დარაჯებად ახალგაზრდა, პოტენციალის მქონე ადამიანები არ უნდა იყვნენ. ახალგაზრდებს მოდულის შენობასთან გომელაურს ნამდვილად არ დავუყენებთ. არც კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე დარაჯებად". – თქვა მელიამ მთავარი არხის ეთერში.

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერისა და თბილისის ვიცემერობის კანდიდატის, ზურა ჯაფარიძის განმარტებით, თუ ქალაქის ხელისუფლებაში ოპოზიციური კოალიცია მოვიდა, სისტემას არ მისცემენ საშუალებას, რომ წვევამდელები არსებულ პირობებში გაიწვიონ სავალდებულო სამხედრო სამსახურში, რადგან მას თავდაცვის სისტემის გაძლიერებასთან კავშირი არ აქვს.

"სავალდებულო სამხედრო სამსახურს სინამდვილეში არანაირი კავშირი არ აქვს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან. თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება თუ გინდათ, თანამედროვე თავდაცვა არ დგას ძალით გაყვანილი ადამიანების რაოდენობაზე. დგას მცოდნე ადამიანებზე, კვალიფიკაციაზე და პროფესიონალიზმზე. ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებიც როგორც უფასო მუშახელი, მიჰყავთ და აყენებენ სხვადასხვა ობიექტის დასაცავად. მეტი სხვა შინაარსი იქ არ არის. არანაირი კავშირში ეს თავდაცვასთან არ არის. [...] ნიკა მელიას იდეა იყო, რომ ჩვენ თუ მოვედით ქალაქის ხელისუფლებაშიო, ჩვენს სისტემას მაინც არ მივცეთ საშუალება, რომ ახალგაზრდები დატანჯონ და ცხოვრება დაუნგრიონო. თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ვეღარ წაიყვანენ ახალგაზრდებს უფასო მუშახელად". – თქვა ჯაფარიძემ.

საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები