მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ლელო: მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას

ლელო საქართველოსთვის / Facebook

პარტია ლელო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ სამოქალაქო პროფილის სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს, სადაც გარანტირებულად იქნება დაცული მისი სიცოცხლე და უსაფრთხოება. პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი.

"საპატიმროში მყოფი საქართველოს მე-3 პრეზიდენტი 26-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატების ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად საგრძნობლად მძიმდება. ექიმთა კონსილიუმმა მისი შესაბამისად აღჭურვილ მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. ანალოგიური რეკომენდაცია გასცა სახალხო დამცველმაც. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება აუხსნელ სიჯიუტეს იჩენს და მიხეილ სააკაშვილის ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანას აპირებს, სადაც მდგომარეობის დრამატულად დამძიმების შემთხვევაში არც მკურნალობისთვის სათანადო პირობები არსებობს და არც უსაფრთხოების გარანტიები. მდგომარეობის დრამატულად დამძიმების საფრთხე ყოველდღიურად მატულობს". – ნათქვამია ლელოს განცხადებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 26-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.

კომენტარები