მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ღარიბაშვილი სააკაშვილზე: მე გეტყვით, რომ ვარ პრემიერმინისტრი და არა ექიმი

ქართული ოცნება

"მე გეტყვით, რომ ვარ პრემიერმინისტრი და არა ექიმი, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა მიმართეთ ექიმებს". – ასე პასუხობს ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ გადაჰყავთ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში.

სააკაშვილის უფლებადამცველმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა დღეს, 25 ოქტომბერს თქვა, რომ ღამით ექსპრეზიდენტის ერთერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა და რეანიმატოლოგთა ჩარევა გახდა საჭირო.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი გუშინ, 24 ოქტომბერს შეამოწმა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ასევე, ლომჯარიას თქმით, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს. ეს ინფორმაცია დღეს იუსტიციის მინისტრმა უარყო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 25-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები