მიხეილ სააკაშვილის დაკავება

"ეტყობა, რომ ფიზიკურად დასუსტებას მალე დაიწყებს" – ვაშაძემ სააკაშვილი ციხეში მოინახულა

facebook.com/pg/GregoryVashadze.Ge

"წყალს წაუღია ყველა პარტია, ყველა პარტიის წევრობაზე და საერთოდ იმ ბალაგანზე, რასაც საქართველოში პოლიტიკას ეძახიან, წინ დგას ადამიანობა, მეგობრობა. მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული". - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ თქვა.

მისი თქმით, ჟურნალისტებთან ვერ ისაუბრებს იმის შესახებ, თუ რაზე ილაპარაკეს მან და ექსპრეზიდენტმა. მისივე თქმით, სააკაშვილი ფიზიკურად დასუსტებული არ არის, თუმცა, ეტყობა, რომ მალე დასუსტდება. 

"ფიზიკურად არ არის დასუსტებული, მაგრამ ეტყობა რომ ფიზიკურად დასუსტებას მალე დაიწყებს, რადგან შიმშილობის 23-ე დღეა და გონება როგორც ყოველთვის სამართებელივით აქვს, მაგრამ 23 დღე შიმშილობა, გინდა წყალი სვი, გინდა წვენი სვი. გასაგებია, რომ ბობი სინსმა 77 დღე იშიმშილა გაერთიანებული სამეფოს ციხეში, მაგრამ სადღაც ოცდარაღაცა დღის შემდეგ, ადამიანი არაფრად აღარ ვარგა". - ამბობს ვაშაძე. 

სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს. 7 ოქტომბერს რუსთავის ციხეში პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი იმყოფებოდა - სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მანაც მოუწოდა, თუმცა ექსპრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტაზე უარს ამბობს. როგორც ის წერს, "შიმშილობა არის ჩემი ბრძოლის ერთადერთი ფორმა, რომელიც დამიტოვა ამ რეჟიმმა. ბრძოლა ახლა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩემი თავი და ჩემი ჯანმრთელობა". ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის შეცვლილი - "ავადმყოფური ფერი აქვს, მოტორიკა შენელებულია, უჭირს გადაადგილება". სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

კომენტარები