არჩევნები 2021

ჰარცელი: II ტურისთვის საქართველოში ევროპარლამენტარების კიდევ ერთი მისია ჩამოვა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე დასაკვირვებლად საქართველოში ევროპარლამენტარების მისია ჩამოვა. ოთხი ევროპარლამენტარი არჩევნებს ODHIR-ის მისიასთან ერთად დააკვირდება.

"მოხარული ვარ, რომ ODIHR-ის სრული მისია მეორე ტურისშიც დააკვირდება არჩევნებს. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველი ტურში და მნიშვნელოვანი იქნება მეორე ტურშიც და შუალედურ პერიოდში. მოხარული ვარ, გამცნოთ, რომ ევროპარლამენტიდან კიდე ერთი მისია ჩამოვა. შემატყობინეს, რომ მეორე ტურისთვის 4 ევროპარლამენტარი ჩამოვა, რათა როგორც პირველ ტურში, ODIHR-თან ერთად მონაწილეობა მიიღონ სადამკვირვებლო მისიაში." – თქვა ჰარცელმა.

ელჩმა ასევე აღნიშნა არჩევნების პირველი ტურის დადებითი მხარეები, თუმცა ხაზი გაუსვა იმ ხარვეზებსა, რომლებიც ნათლად ჩანდა საარჩევნო პერიოდში: დაშინება, მოსყიდვა, უთანასწორო გარემო, წნეხი ამომრჩევლებსა და პოლიტიკოსებზე.

"ჩვენ აღვნიშნეთ დადებითი, რაც მოხდა წინა არჩევნების შემდეგ. ვფიქრობთ, რომ არჩევნების სამართლებრივი ჩარჩო გაძლიერდა, მათ შორის საარჩევნო რეფორმით, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებას მოჰყვა, ჩვენ ვნახეთ მოწესრიგებული, მშვიდი გარემო არჩევნების დღეს. იმედი გვაქვს, რომ ეს გაგრძელდება მეორე ტურშიც. ამასთანავე, არჩევნების პირველ ტურში ჩვენ ნათლად ვიხილეთ ხარვეზები. ვსაუბრობ, დაშინებაზე, მოსყიდვაზე, უთანასწორო გარემოზე, წნეხზე​ ამომრჩეველებსა და პოლიტიკოსებზე. ჩვენი ძლიერი გზავნილი არჩევნების შემდეგ იყო, რომ იმედი გვაქვს, ბევრი ეს ხარვეზი გამოსწორდება მეორე ტურისთვის, რადგან როგორც განცხადებაში აღვნიშნეთ, იმედი გვაქვს, რომ ეს პრაქტიკა არ გახდება ნორმა საქართველოს არჩევნებზე." – თქვა ჰარცელმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები