მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მამა ლეონი სააკაშვილს: რწმენის ერთგულების დასტურად საპატრიარქოს ერთგულება აუცილებელი არაა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ლეონ გელოვანი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება. მამა ლეონი სააკაშვილს მიმართავს, რომ ქრისტეს რწმენის ერთგულების დასადასტურებლად საქართველოს საპატრიარქოს ერთგულება აუცილებელი არ არის.   

მამა ლეონის მიმართვას სრულად გთავაზობთ:

"ბატონო პრეზიდენტო, მე - თქვენდამი პატივისმცემელი და ქვეყნისთვის თქვენი ნაკეთები არაერთი კარგი საქმის დამფასებელი, არ შემიძლია გულისტკივილით არ გამოვეხმაურო თქვენს დღევანდელ სიტყვებს, თუმცა დავიტოვებ იმედს და ამ ყველაფერს თქვენს შიმშილობას, პატიმრობას და ახლანდელი მძიმე ყოფით დაშვებულ შეცდომას დავუკავშირებ.

ვერ დავიჯერებ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს ეთანხმებოდეთ იმ საკითხში, რასაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების მინიმუმ იგნორი, ფაქტობრივად კი უარყოფა ჰქვია.

ასევე, არ ვიცი თქვენთან რამდენად უსაუბრია ვინმეს იმ კონკორდატის ცუდ შედეგებზე, რომლითაც ამ განცხადებაშივე ამაყობთ, თუმცა მე პირადად, ადამიანს რომელიც საერთო ჯამში დადებითად აფასებს თქვენს პოლიტიკურ მოღვაწეობას, კონკორდატი თქვენი მთავარი შეცდომა მგონია.

კონკორდატი, რომლის წყალობითაცაა სწორედ, დღეს რომ მოსაყდრედ წოდებული მიტროპოლიტი კადრულობს ამ ყველაფერს, ფაქტობრივად თქვენი განაჩენის ამბიონიდან წაკითხვას და დარწმუნებული ვარ მეტსაც იკადრებს.

კონკორდატი, რომლის წყალობითაც მისნაირი იერარქები პრივილეგირებულად გრძნობენ თავს და აბუჩად იგდებენ არა მხოლოდ სხვა რწმენის, არამედ საკუთარი ეკლესიის წევრებსაც კი.

კონკორდატი, რომლის წყალობითაც სიცოცხლე გაუმწარეს არაერთ ადამიანს, მაგალითად ჩემს მოძღვარს, რომლისთვისაც თქვენც არაერთხელ გიწოდებიათ საჯაროდ მოძღვარი - დეკანოზ მიქაელ ასათიანს. სხვათაშორის, მამა მიქაელის დაკრძალვას (მღვდლის რომელიც 40 წელი მუხლჩაუხრელად ემსახურა ეკლესიას) საპატრიარქოდან პატივი არავინ მიაგო, სწორედ მისი თქვენდამი დადებითი დამოკიდებულების გამო.

ბატონო პრეზიდენტო, განათლებული ადამიანის მთავარი ღირსება სწორედ ისაა, შეამჩნიოს საკუთარი შეცდომა, რომლის გარეშეც ვერავინ განლევს ცხოვრებას და გამოასწოროს იგი, ვფიქრობ, თქვენ ეს ბრწყინვალედ შეგიძლიათ და სწორედ ამიტომ გწერთ ამ წერილს.

საპატრიარქო არ არის ის საყრდენი, რომელიც თქვენ გჭირდებათ, პირიქით, მგონია რომ მათ დაჭირდებით სულ მალე.

როგორც ქრისტიან მღვდელს, მახარებს თქვენი სულისკვეთება, იყოთ ქრისტეს ეკლესიის ერთგული და ვფიქრობ, ამ პირად კეთილ სურვილს არც სეკულარიზმი უშლის ხელს, თუმცა მერწმუნეთ, ქრისტეს რწმენის ერთგულების დასადასტურებლად, საქართველოს საპატრიარქოს ერთგულება არ არის აუცილებელი". 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავაც გამოეხმაურა. ცაავამ სააკაშვილს მიმართა, რომ "გამარჯვების მომნიჭებელი უფალი სიმართლეშია, არა საბჭოთა პატრიარქში". დეკანოზი ილია ჭიღლაძე სააკაშვილს მოუწოდებს, "მოეშვას პირფერობას საბჭოთა გადმონაშთის", კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიმართ. 

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ საპატრიარქოს განცხადების შემდეგ წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ წმინდა სინოდის ძირითად პოზიციებს იზიარებს, მათ შორის სხვა ეკლესიებთან ურთიერთობაზე. წმინდა სინოდს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ამ დრომდე არ უღიარებია. 

18 ოქტომბერს პატრიარქის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ Facebook-პოსტში დაწერა, რომ მისი ინფორმაციით სინოდის ერთ-ერთი წევრის დაფინანსებით 19 ოქტომბერს თეოლოგი გოჩა ბარნოვი გაემგზავრება სტამბოლში, სადაც კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოს პირველს შეხვდებიან, სადაც ბარნოვი მსოფლიო პატრიარქს ეტყვის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს. 

20 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამ საკითხს პირდაპირ არ ეხება, თუმცა, წერს, რომ სურს გამოეხმაუროს რუსეთის მხრიდან მორიგ "პროვოკაციასა" და "სპეკულაციას".

"შემდგომშიც ყველა ძირითად საკითხში, მათ შორის, სხვა ეკლესიებთან ურთიერთობებში, ვიყავი და ვარ პატრიარქისა და წმინდა სინოდის ძირითადი პოზიციების მიმდევარი". – წერს სააკაშვილი წერილში.  

საგულისხმოა, რომ თავად მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს უჭერდა. 2 თვის წინ, 24 აგვისტოს მსოფლიოს პატრიარქის კიევში ვიზიტის ფარგლებში ის ბართლომეოს პირველს შეხვდა და მას მადლობა გადაუხადა უკრაინის ეკლესიის მხარდაჭერისთვის. 

კომენტარები