მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მეუფე პეტრე სააკაშვილის: გამარჯვების მომნიჭებელი უფალი სიმართლეშია, არა საბჭოთა პატრიარქში

IPN

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წერილს ეხმაურება, რომელშიც სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პატრიარქ ილია II-ის ყველა საეკლესიო პოზიციას მხარს უჭერს. მეუფე პეტრე წერს, რომ გამარჯვების მომნიჭებელი უფალი სიმართლეშია და არა "საბჭოთა პატრიარქში".

"რა მწარედ ტყუვდებით ბატონო პრეზიდენტო! ძალიან სამწუხაროა, რომ ესეთ დიდ პატრიოტს და ძლიერ პოლიტიკოსს დიდი შეცდომა მოგდით, როდესაც დღევანდელ საპატრიარქოსთან ცდილობთ დიპლომატიური და პოლიტიკური ბინძური თამაშის წესებით ურთიერთობას. მოკლედ გეტყვით, რომ კგბ-ს საბჭოთა, წითელი პატრიარქის საეკლესიო კურსის მხარდაჭერა და კომპლიმენტები დღეს, არც მეტი, არც ნაკლები, საბჭოთა მემკიდრეობისა და ცრუ ქრისტიანობის მხარდაჭერაა, ეკლესიაში არსებული უკეთურების, უზნეობის, პედოფილიის, მამათმავლობის, ნარკომანიის, ვერცხლისმოყვარეობის, ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების, საბჭოთა მსოფლმხედველობაში ჩარჩენის და საქართველოსთვის ბედნიერი მომავლის წართმევის მხარდაჭერაა. უფალმა გაგინათოთ გონება და მოგმადლოთ სიბრძნე, აღმაშენებლისეული აზროვნება, რომლის წარმატებას, დიდგორზე გამარჯვებას და საქართველოს გამთლიანებას წინ უძღოდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება და არა ფარისევლობა, არა პირფერობა, ზნედაცემული მაღალი იერარქიის მიმართ. უნდა იცოდეთ, რომ გამარჯვების მომნიჭებელი უფალი სიმართლეშია და არა საბჭოთა პატრიარქში... აი, რა გაშორებთ თქვენ ნამდვილ ეროვნულ შეგნებასთან და ეროვნულ მოძრაობასთან... გისურვებთ მხნეობას და ჯანმრთელობას თავისუფალი, ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს საკეთილდღეოდ. ამინ!" – წერს მეუფე პეტრე პოსტში, რომელიც იღუმენია თამარ გამყრელიძე ავრცელებს.

20 ოქტომბერს დაკავებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ, სურდა "პროვოკაციისთვის" ეპასუხა, ის კი კვლავ რჩება პატრიარქ ილია II-ის სულიერ შვილად და მხარს უჭერს მის ყველა საეკლესიო პოზიციას. სააკაშვილი წერს, რომ წმინდა სინოდის ძირითად პოზიციებს იზიარებს, მათ შორის სხვა ეკლესიებთან ურთიერთობაზე. წმინდა სინოდს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ამ დრომდე არ უღიარებია. 

18 ოქტომბერს პატრიარქის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ Facebook-პოსტში დაწერა, რომ მისი ინფორმაციით სინოდის ერთ-ერთი წევრის დაფინანსებით 19 ოქტომბერს თეოლოგი გოჩა ბარნოვი გაემგზავრება სტამბოლში, სადაც კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოს პირველს შეხვდებიან, სადაც ბარნოვი მსოფლიო პატრიარქს ეტყვის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს. 

20 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამ საკითხს პირდაპირ არ ეხება, თუმცა, წერს, რომ სურს გამოეხმაუროს რუსეთის მხრიდან მორიგ "პროვოკაციასა" და "სპეკულაციას".

"შემდგომშიც ყველა ძირითად საკითხში, მათ შორის, სხვა ეკლესიებთან ურთიერთობებში, ვიყავი და ვარ პატრიარქისა და წმინდა სინოდის ძირითადი პოზიციების მიმდევარი". – წერს სააკაშვილი წერილში.  

საგულისხმოა, რომ თავად მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს უჭერდა. 2 თვის წინ, 24 აგვისტოს მსოფლიოს პატრიარქის კიევში ვიზიტის ფარგლებში ის ბართლომეოს პირველს შეხვდა და მას მადლობა გადაუხადა უკრაინის ეკლესიის მხარდაჭერისთვის. 

კომენტარები