მიხეილ სააკაშვილი

ვიზიარებ სინოდის ძირითად პოზიციებს სხვა ეკლესიებთან – სააკაშვილი ჯაღმაიძის პოსტის შემდეგ

მიხეილ სააკაშვილი
UNIAN

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ საპატრიარქოს განცხადების შემდეგ წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ წმინდა სინოდის ძირითად პოზიციებს იზიარებს, მათ შორის სხვა ეკლესიებთან ურთიერთობაზე. წმინდა სინოდს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ამ დრომდე არ უღიარებია. 

18 ოქტომბერს პატრიარქის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ Facebook-პოსტში დაწერა, რომ მისი ინფორმაციით სინოდის ერთ-ერთი წევრის დაფინანსებით 19 ოქტომბერს თეოლოგი გოჩა ბარნოვი გაემგზავრება სტამბოლში, სადაც კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოს პირველს შეხვდებიან, სადაც ბარნოვი მსოფლიო პატრიარქს ეტყვის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს. 

20 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამ საკითხს პირდაპირ არ ეხება, თუმცა, წერს, რომ სურს გამოეხმაუროს რუსეთის მხრიდან მორიგ "პროვოკაციასა" და "სპეკულაციას".

"შემდგომშიც ყველა ძირითად საკითხში, მათ შორის, სხვა ეკლესიებთან ურთიერთობებში, ვიყავი და ვარ პატრიარქისა და წმინდა სინოდის ძირითადი პოზიციების მიმდევარი". – წერს სააკაშვილი წერილში. 

იმავე წერილში ყოფილი პრეზიდენტი ხაზს უსვამს თავის ერთგულებას პატრიარქ ილია II-ისა და საქართველოს ეკლესიის მიმართ და იხსენებს, როგორ თანამშრომლობდა მაშინდელი მთავრობა საპატრიარქოსთან, რათა აღდგენილიყო ისტორიული ტაძრები. 

საგულისხმოა, რომ თავად მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს უჭერდა. 2 თვის წინ, 24 აგვისტოს მსოფლიოს პატრიარქის კიევში ვიზიტის ფარგლებში ის ბართლომეოს პირველს შეხვდა და მას მადლობა გადაუხადა უკრაინის ეკლესიის მხარდაჭერისთვის. 

"დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველაფრისთვის, რაც უკრაინისთვის გააკეთეთ, როდესაც საქართველოს ეკლესიას მოუწოდეთ, რომ უკრაინის ეკლესია ეღიარებინა". – უთხრა სააკაშვილმა პატრიარქს. 

კომენტარები