არჩევნები 2021

კალაძე: თბილისელ სოც. დაუცველ პენსიონერებს წამლებისთვის 500-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ

არჩევნების მეორე ტურამდე 10 დღით ადრე, დედაქალაქის მოქმედი მერი და ქართული ოცნების მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პენსიონერები მედიკამენტების შესაძენად 500-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ.

მისივე თქმით,  პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა. 

"როგორც იცით, თბილისში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არაერთ პროექტი ხორციელდება. თბილისის მერიამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მოქალაქეების ორ მილიონამდე მოთხოვნა დააკმაყოფილა. მომავალშიც ვიქნებით იმ ოჯახების გვერდით, ვისაც თანადგომა სჭირდება. რაც შეხება ახალ პროგრამას, სოციალურად დაუცველ პენსიონერებს 500-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ იმისთვის, რომ ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტი (გულ-სისხლძარღვთა, გამაყუჩებელი, ქრონიკული ავადმყოფობების სამკურნალო და ა.შ.) შეიძინონ. პროგრამისთვის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი გამოიყოფა".- ამბობს კალაძე

მისივე თქმით, 2022 წლიდან ის ოჯახები, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან.

"ჩვენ ქალაქში, დაახლოებით, 400 უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახი ცხოვრობს. მომავალი წლიდან არცერთი თბილისელი ბინის გარეშე არ დარჩება. პოლიტიკამ იმდენად შეჭამა სოციალური საკითხები, ბევრ ადამიანს ეს პრობლემა არც კი ახსოვს. მე ვალდებული ვარ, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ჩვენ უკვე საბინაო ფონდის შექმნა დავიწყეთ და 2022 წლიდან ამ პროგრამის განხორციელებას დავიწყებთ".- ამბოსბ კალაძე. 

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. 

 

 

კომენტარები