NATO-რუსეთი

რუსეთი NATO-ში წარმომადგენლობის მუშაობას აჩერებს

სერგეი ლავროვი

ნოემბრის დასაწყისიდან რუსეთი NATO-ში წარმომადგენლობის მუშაობას აჩერებს. გადაწყვეტილების მიზეზი ალიანსის მიერ რუსეთის წარმომადგენლობის განახევრება და 8 თანამშრომლისთვის აკრედიტაციის შეწყვეტა გახდა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ისაუბრა.

"NATO-ს მიზანმიმართული ნაბიჯების შედეგად ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს ელემენტარული პირობები დიპლომატიური საქმიანობისთვის, NATO-ს მოქმედებების საპასუხოდ ჩვენ გავაჩერეთ NATO-ში ჩვენი წარმომადგენლობის მუშაობა, მათ შორის მთავარი სამხედრო წარმომადგენლის მუშაობა" - თქვა ლავროვმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სავარაუდოდ რუსეთის წარმომადგენლობის მუშაობა პირველი ნოემბრიდან შეჩერდება, "ან ამას შეიძლება კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდეს".

ლავროვის თქმით, რუსეთთან საკომუნიკაციოდ NATO-ს წარმომადგენლებს შეუძლიათ ბელგიაში რუსეთის საელჩოს მიმართონ.

NATO-მ ალიანსში რუსეთის მისიის 8 წევრი მას შემდეგ გააძევა, რაც გაირკვა, რომ მისიის წევრები რუსეთის სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლები იყვნენ.

კომენტარები