ჩინეთი

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელებულია, III კვარტალში მშპ მხოლოდ 4.9%-ით გაიზარდა

Financial Times

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, 2021 წლის III კვარტალში, გასული წლის მონაცემებთან შედარებით, ჩინეთის ეკონომიკა 4.9%-ით გაიზარდა. 

CNBC-ის შეფასებით, ეს იმედგამაცრუებელი შედეგია, რადგან ეკონომისტები მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შედარებით მაღალ, 5.2%-იან ზრდას ვარაუდობდნენ.

აღსანიშნავია, რომ კოვიდპანდემიით გამოწვეული შემცირების შემდეგ, 2021 წლის I კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 18.3%-ით, ხოლო II კვარტალში 7.9%-ით გაიზარდა. 

CNBC

ანალიტიკოსების განმარტებით, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი თითქმის ყოველწლიურად მცირდება, რაც მშპ-ს ზომის ზრდითაა გამოწვეული. მუდმივად მზარდი ტემპის შენარჩუნება შეუძლებელია, რადგან რაც უფრო დიდია ეკონომიკის მოცულობა, მით უფრო რთულია მისი სწრაფი ტემპით გაფართოება.

ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მომდევნო წლების ზრდის მაჩვენებელები ვერ გადააჭარბებს გასული წლების მონაცემებს.

ჩინეთის მშპ-ის ზრდა წლების მიხედვით: 

  • 2020  –  2.31%
  • 2019  –  6.11%    
  • 2018  –  6.75%    
  • 2017  –  6.95%    
  • 2016  –  6.85%    
  • 2015  –  7.04%    
  • 2014  –  7.43%    
  • 2013  –  7.77%    
  • 2012  –  7.86%    
  • 2011  –  9.55%    
  • 2010  –  10.64%
 

კომენტარები