ლოიდ ოსტინის ვიზიტი

ოსტინი: აშშ დაეხმარება საქართველოს თავდაცვის გაძლიერებასა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში

აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი

აშშ-ს თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ საქართველოს თავდაცვის გაძლიერებასა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში დაეხმარება.

"ჩამოვედი საქართველოში. შეერთებული შტატები დაეხმარება საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევაში. მოუთმენლად ველი შეხვედრებს საქართველოში." - წერს ოსტინი Twitter-ზე.

აშშ-ს თავდაცვის მდივანი საქართველოში დღეს, 18 ოქტომბერს ჩამოვიდა. ლოიდ ოსტინი შეხვდება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს  "რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნოს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების კუთხით."

მოგვიანებით, ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

გარდა ამისა, აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას ესტუმრება და ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ერთობლივ სწავლებას დაესწრება.

საქართველოში ჩამოსვლა თავდაცვის მდივნის ევროპაში საქმიანი ვიზიტის ნაწილია. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მდივანი საქართველოს, უკრაინას და რუმინეთს ეწვევა და ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება. 

კომენტარები