ლოიდ ოსტინის ვიზიტი

აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოში ჩამოვიდა (VIDEO)

აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
აშშ-ს საელჩო საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკვე საქართველოშია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი დახვდა. 

ლოიდ ოსტინი შეხვდება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს  "რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნოს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების კუთხით." მოგვიანებით, ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

გარდა ამისა, აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას ესტუმრება და ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ერთობლივ სწავლებას დაესწრება.

საქართველოში ჩამოსვლა თავდაცვის მდივნის ევროპაში საქმიანი ვიზიტის ნაწილია. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მდივანი საქართველოს, უკრაინას და რუმინეთს ეწვევა და ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება. 

კომენტარები