ავღანეთი

RFE/RL: მასუდი დუშანბეში თალიბანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა, თალიბები არ მივიდნენ

აჰმად მასუდი ბაზარაკში, 2019 წელი
The New York Times

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) ცნობით, პანჯშირის ხეობაში მოქმედი ავღანეთის ეროვნული წინაარმდეგობის ფრონტის ლიდერი, აჰმად მასუდი ეწვია ტაჯიკეთის დედაქალაქს, დუშანბეს, სადაც, ტაჯიკეთი-პაკისტანის შუამავლობით, თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, მაგრამ თალიბების წარმომადგენლები პროცესზე არ გამოცხადდნენ. RFE/RL-ს თქმით, მათ ინფორმაცია ტაჯიკეთის მთავრობასთან ახლოს მყოფმა პირებმა მიაწოდეს. 

RFE/RL-ს სამმა წყარომ უთხრა, რომ აჰმად მასუდის ვიზიტი დუშანბეში მას შემდეგ შედგა, რაც 17 სექტემბერს ტაჯიკეთის პრეზიდენტმა, ემომალი რაჰმონმა თქვა, რომ მისი ქვეყანა უმასპინძლებდა ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებს პანჯშირის წინააღმდეგობის ლიდერს, აჰმად მასუდსა და თალიბანის წარმომადგენლობას შორის. პანჯშირის პროვინციაში მყოფი ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი ძირითადად ეთნიკური ტაჯიკების მიერაა დაკომპლექტებული.

"ჩვენ თალიბანსა და [ავღანელ] ტაჯიკებს შორის შუამავლობაზე შევთანხმდით", – თქვა რაჰმონმა პაკისტანის პრემიერმინისტრთან, იმრან ხანთან ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 

6 ოქტომბერს წყაროებმა RFE/RL-ს აცნობეს, რომ აჰმად მასუდი ტაჯიკეთში იმრან ხანის ვიზიტიდან 3 დღის შემდეგ ჩავიდა. ანონიმური ოფიციალური პირების მიხედვით, მისი ვიზიტი მხოლოდ დღე-ნახევარი გაგრძელდა და დუშანბე მას შემდეგ დატოვა, რაც ცხად გახდა, რომ თალიბანის წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე მოსვლას არ აპირებდნენ. 

ტაჯიკი ოფიციალური პირების თქმით, პაკისტანმა აქამდე მათ უთხრა, რომ თალიბანი დუშანბეში მოლაპარაკებებზე დასაჯდომად დაითანხმეს.

ტაჯიკეთის პრეზიდენტს, ემომალი რაჰმონს სურს, რომ ავღანეთში ინკლუზიური მთავრობა შეიქმნას, რომელიც გაითვალისწინებს ტაჯიკებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების უფლებებსაც. ის ცენტრალური აზიის ქვყენებიდან ყველაზე აქტიურად აკრიტიკებს თალიბანის რეჟიმს. 

ინფორამციას იმაზე, რომ ხანი და რაჰმონი ტაჯიკებსა და თალიბებს შორის შუამავლობას აპირებდნენ, პაკისტანურმა მედიამაც გაავრცელა და ამას "ისტორიული ნაბიჯი" უწოდა. 

RFE/RL დაუკავშირდა თალიბანის სპიკერს, ზაბიჰულა მუჯაჰიდს, რომელმაც მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე თქვა, რომ თალიბანის მთავრობას მსგავსი რამ არ მიუღია. 

ქაბულის დაცემის შემდეგ, პანჯშირის ხეობაში აჰმად მასუდმა ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნა გამოაცხადა. ის თალიბანის პირველი საამიროს ერთ-ერთი მთავარი მტერის, ჩრდილოეთის ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის, აჰმად შაჰ მასუდის შვილია. პანჯშირში შეიკრიბნენ ავღანეთის არმიის ყოფილი ჯარისკაცები, ასევე აქ იყო ვიცეპრეზიდენტი ამრულაჰ სალეჰი. დაახლოებით ერთი თვე პანჯშირი ავღანეთის ერთადერთი რეგიონი იყო, რომელსაც თალიბანი ვერ აკონტროლებდა, თუმცა შემდეგ მათ ხეობას შეუტიეს და მისი ნაწილი დაიკავეს. წინააღმდეგობა გრძელდება, თუმცა, როგორც ჩანს, ხეობას სრულად ვეღარ აკონტროლებენ. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ქაბულის დაცემის შემდეგ, წინააღმდეგობა დაიწყო პანჯშირის პროვინციაში. აქ დაარსდა ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი, რომელსაც აჰმად მასუდი და ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ამრულაჰ სალეჰი უძრვებიან. მას შემდეგ, რაც თალიბანმა პანჯშირის ხეობაზე შეტევა დაიწყო, მოწინააღმდეგეებმა დიდი ტერიტორიები დაკარგეს. თალიბანი აცხადებს, რომ ხეობაზე კონტროლი მოიპოვეს.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა ახალი მთავრობა 7 სექტემბერს დაამტკიცა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება. მისი მაოდგილე იქნება დაჯგუფების თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები