ბელარუსი

ბელარუსში სვეტნლანა ტიხანოვსკაიას წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

სვეტლანა ტიხანოვსკაია
EPA

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი ლიდერების სვეტლანა ტიხანოვსკაიას და პაველ ლატუშკო წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის სერგეი კაბაკოვიჩმა ისაუბრა.

საქმე წოდების ან თანამდებობის პირის ძალაუფლების თვითნებური მითვისებისთვის აღძრეს. ეს მუხლი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ბრალდებულებმა ტიხანოვსკაიამ და ლატუშკომ, ბელარუსის კონსტიტუციის მოთხვენების დარღვევით შეთქმულების სხვა მონაწილეებთან შეთანხმებით, შექმნეს ფსევდო სახელმწიფო ორგანოები, სამმართველოები და ბელარუსის რესპუბლიკის წარმომადგენლობები საზღვრებს გარეთ. [ისინი] აგრძელებენ დანაშაულებრივ მოქმედებებს და დაიწყეს მოლაპარაკებები უცხოური მთავრობების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან" - ამბობს საგამოძიებო კომიტეტი.

ტიხანოვსკაიას წინააღმდეგ 6 მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, ხოლო ლატუშოკს წინააღმდეგ - 4. მათ ძირითადად ექსტრემიზმში, ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებაში და ტერორიზმში ადანაშაულებენ. 

სვეტლანა ტიხანოვსკაია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციონერი კანდიდატი და ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარი მეტოქე იყო. არჩევნებში ოფიციალური ინფორმაციით ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ტიხანოვსკაია არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებსაც ხელისუფლება ძალადობრივად ახშობდა. არჩევნების შემდეგ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობდა, რომ ბელარუსში მაშინ დაბრუნდება, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

პაველ ლატუშკო ბელარუსის მთავარი თეატრის, კუპალოვსკის თეატრის დირექტორი იყო. არჩევნების შემდეგ ის ლუკაშენკოს საწინააღდეგო საპროტესტო გამოსვლებს შეუერთდა. ლატუშკომ ქვეყანა არჩევნების შემდეგ დატოვა

ტიხანოვსკაია ახლა ლიტვაში ცხოვრობს. მისმა ოფისმა "ბელარუსის დემოკრატიის ოფიციალური წარმომადგენლობის" სტატუსი მიიღო. ლატუშკო ახლა პოლონეთში ცხოვრობს. მან ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლობა ჩამოაყალიბა, სახელწოდებით "ეროვნული ანტიკრიზისული სამმართველო".

კომენტარები