არჩევნები 2021

გაკვრიდან რამდენიმე საათში ჩამოხეული პოსტერები ევროპელებმა ხელახლა გააკრეს

ევროპული საქართველოს სატირული პოსტერები, რომლებიც პუშკინის სკვერის მიმდებარედ პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა დღეს დილით გააკრეს, რამდენიმე საათში მათ ჩამოხეული დახვდათ.

ვროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, ხელისუფლება მთელ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ იმისთვის, რომ პოლიტიკურ სატირას სდიოს, სწორედ ამიტომ მათ პოსტერები იგივე ლოკაციზე ხელახლა გააკრეს, – "არ მოვეშვებით". – ამბობს ნონიაშვილი.

"3 საათის წინ, პუშკინის სკვერში გამოვაკარით პოლიტიკური სატირა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და ამ ხელისიფლებას მიემართება. ეს პოლიტიკური სატირა ასევე ჩვენი საარჩევნო კამპანიის შემადგენელი და ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.

ორ საათში გაასუფთავეს მთლიანი ტერიტორია, ეს სამშენებლო ღობე პოლიტიკური სატირისგან, რომელიც უკანონო ქმედებაა, რადგან მათივე დადგენილებით, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ სააგიტაციო მასალის გაკვრა დაშვებულია სამშენებლო ტერიტორიების დროებით ღობეებზე, ამადროულად არის დანართი, სადაც პირდაპირაა მითითებული ეს ლოკაცია, სადაც შეიძლება სააგიტაციო მასალის გაკვრა. მოვედით, ჯიუტად კიდევ გავაკრავთ ამ სამშენებლო ღობეზე, პანორამა თბილისის უკან". – ამბობს გიორგი ნონიაშვილი.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ევროპული საქართველოს სატირული პოსტერები დროებითი ღობიდან ჩამოხიეს. 28 სექტემბერს თბილისის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელი ამავე პოსტერების ჩამოხევით იყო დაკავებული.

კომენტარები