კორონავირუსი საქართველოში

ოქტომბრის 10 დღეში პირველი დოზით მხოლოდ 13 623 ადამიანი აიცრა, დღეში საშუალოდ – 1 362

ბოლო ერთი კვირაა, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი იმატებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში Covid 19 თითქმის 5 000 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10%-ს აცდა.

იგივეს ვერ ვიტყვით კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების რაოდენობაზე. სექტემბრის მეორე ნახევრიდან ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა. ქვეყანაში სულ მცირე ერთი დოზით აცრილთა რაოდენობა მოზრდილი მოსახლეობის 35%-ს მცირედით აღემატება.

11 ოქტომბრის დილის მონაცემებით, სულ საქართველოში 1 874 845 აცრა ჩატარდა, აქედან სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 000 785 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 35.2%), ხოლო ორჯერადად - 30.6% (მოსახლეობის 30.6%). 

2 ოქტომბრის დილით ქვეყანაში ჩატარებული იყო 1 808 520 აცრა, სულ მცირე ერთი დოზით აცრილი იყო 987 162 ადამიანი (34.7%), ხოლო სრულად - 821 358 (28.8%). ეს იმას ნიშნავს, რომ ოქტომბრის პირველ ათ დღეში საქართველოში სულ 66 325 აცრა ჩატარდა (დღეში საშუალოდ 6 632). აქედან პირველი დოზით მხოლოდ 13 623 ადამიანი აიცრა (დღეში საშუალოდ 1 362).

ამ ტემპით წლის ბოლომდე ქვეყანაში დამატებით მხოლოდ 110 322 ადამიანი აიცრება და საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოზრდილი მოსახლეობის მაქსიმუმ 40% ეყოლება სულ მცირე ერთი დოზით აცრილი.

კომენტარები