მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ლელო სააკაშვილზე: სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას

ლელო საქართველოსთვის / Facebook

პარტია ლელო მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის დამძიმებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას.   

"ვაფრთხილებთ ხელისუფლებას - სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მათ. აქ მხოლოდ ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა არ დგას. საქართველოს უახლეს ისტორიაში არ შეიძლება დავუშვათ მეორე ტრაგიკული ბედის პრეზიდენტის ისტორიის შექმნა". - წერია პარტიის განცხადებაში. 

პარტიის განცხადებით, პოლიტიკურ რეალობას კიდევ უფრო ამძიმებს საქართველოში არსებული პოლიტიზებული მართლმსაჯულების სისტემა და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც მათი შეფასებით, პოლიტიკური დევნის და ანგარიშსწორების პირდაპირი დადასტურებაა.

"ხელისუფლების წარმომადგენელთა ქცევა და მათ მიერ გამოთქმული პატიმრის ღირსების შემლახავი შეფასებები სრულად გაცდენილია პოლიტიკური პასუხისმგებლობისა და მორალის ჩარჩოებს. 

მიხეილ სააკაშვილის მიერ ციხეში გამოცხადებული შიმშილობა კიდევ უფრო ამძიმებს შექმნილ ვითარებას. შიმშილობის ყოველი მომდევნო დღე შესაძლოა დრამატულად სახიფათო აღმოჩნდეს პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის". - წერია განცხადებაში. 

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ციხეში მყოფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მას სიარული და საუბარი უჭირს. 

მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

პროტესტის ნიშნად მიხეილ სააკაშვილი მე-10 დღეა შიმშილობს.


1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილსი წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩიუსიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის. 

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება".

კომენტარები