ბათუმი

საჯარო რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ შეაჩერა

ტაბულა

2021 წლის 4 ოქტომბერს დაინტერსებულმა პირმა, ზაურ ბუდატოვმა ქალაქ ბათუმში, 26 მაისის ქუჩის N13-ში, უძრავ ნივთზე (სარდაფი) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციაზე განაცხადი საჯარო რეესტრში შეიტანა. საჯარო რეესტრმა კი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ, 8 ოქტომბრის 18:33 საათზე მიიღო.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ოლეგ თორთლაძის თქმით, ბუდატოვი სარდაფისა და საცხოვრებელი ფართის ერთიან ფართობზე საკუთრების რეგისტრაციას ითხოვდა და როგორც შსს-ს განცხადებიდან ირკვევა, ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის მან 2 პირიც დაიქირავა.

სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების მიზეზებად კი დასახელდა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი არ იყო ბინის და სარდაფის გაერთიანების შიდა აზომვითი ნახაზი და სამართლებრივი დასაბუთება.

თორთლაძის მტკიცებით, საჯარო რეესტრი სრულად ჩაეტია 4-დღიან სამუშაო ვადაში და განაცხადი დაახარვეზა, მაგრამ აღნიშნული წარმოება არანაირ კავშირში ყოფილა სამშენებლო სამუშაოებთან და მშენებლობის ნებართვის გაცემა მათ კომპეტენციაში არ შედის, თუმცა ნებართვა არც მუნიციპალიტეტისგან ყოფილა გაცემული.

"განაცხადი შემოსული იყო საჯარო რეესტრში მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს და კანონმდებლოით გათვალისწინებული 4 სამუშაო დღის ვადაში დახარვეზდა განაცხადი.

განმცხადებელი ითხოვდა სარდაფისა და საცხოვრებელი ფართის ერთიან ფართობზე საკუთრების რეგისტრაციას. აღნიშნული წარმოება აბსოლუტურად არანაირ კავშირშია სამშენებლო სამუშაოებთან, საჯარო რეესტრი არ არის ორგანო, რომელიც გასცემს მშენებლობის ნებართვას, ასევე, წარმოდგენილ განაცხადში არ ყოფილა სამშენებლო ნებართვა მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული. 

პირველ ეტაპზე დახარვეზდა საკადასტრო ნახაზის არარსებობა, რომელიც გახდა საფუძველი წარმოების შეჩერების", - ამბობს თორთლაძე.

ამ დროისთვის ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 8 ადამიანია გარდაცვლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 9 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

კომენტარები