ბათუმი

კორპუსის ნგრევის ტრაგედიის გამო საქართველო-საბერძნეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს, 9 ოქტომბერს ბათუმში დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

საკოორდინაციო საბჭოს 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მატჩზე მაყურებლის 33%-ის დაშვების შესახებ, ძალადაკარგულად გამოცხადდა.

"მაყურებელს ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება. მატჩზე დასწრებას მხოლოდ საბერძნეთის დელეგაცია, რომელიც უკვე ბათუმში იმყოფება, და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები შეძლებენ". – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 8 ადამიანია გარდაცვლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 9 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

კომენტარები