ბათუმში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი ამოასვენეს. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ბოლო მონაცემებით, ნანგრევებიდან სულ 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს, ორი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს - კაცი და ქალი. ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი - კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის საავადმყოფოში გულის გაჩერებით, სისხლდენითა და კიდურების დაზიანებით შეიყვანეს.
კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გომელაურის ინფორმაციით, სახლის ჩამონგრევის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გაჩნდა, მათ შორის გაზის აფეთქებაც, თუმცა უწყება მთავარ ვერსიად ქვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს განიხილავს.