ბათუმი

ღარიბაშვილი ბათუმზე: 300-მდე მაშველი მუშაობს, ყველა კითხვას პასუხს გავცემთ

ქართული ოცნება

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის სამაშველო სამუშაოებში 300-მდე მაშველია ჩართული. ღარიბაშვილის ცნობით, ნანგრევებში, დაახლოებით, 15 ადამიანამდეა მოყოლილი.

"წინასწარ არ მინდა მიზეზების თაობაზე ვილაპარაკო, ბუნებრივია, გამოძიება მუშაობს ამის თაობაზე და ყველაფერს დაადგენს. არსებობს ბევრი ვერსია და მინდა დაგარწმუნოთ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა კითხვას პასუხს გავცემთ. მოვისმინე შინაგან საქმეთა მინისტრისგან ვერსიები, ამის თაობაზე მანაც განაცხადა საჯაროდ, თუმცა წინასწარ არ მინდა რაიმე დასკვნის გაკეთება, ჯობია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და პირველ რიგში, უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები". – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

შს მინისტრი, ვახტანგ გომელაურის თქმით კი, ბათუმში სახლის ჩამონგრევის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გაჩნდა, მათ შორის გაზის აფეთქებაც, თუმცა უწყება მთავარ ვერსიად ქვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს განიხილავს.

გომელაურის ცნობით, კორპუსის ნანგრევებში დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი, აქედან 2 ადამიანი სამაშველო სამსახურებთან კონტაქტზე გამოდის.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები