არჩევნები 2021

ევროპული საქართველო: ALMA ბანერების კონტრაქტს არღვევს, დღეს განთავსების ბოლო დღეა

ევროპული საქართველოს წევრებმა სარეკლამო კომპანია ალმასთან ხელშეკრულების დარღვევის შესახებ ბრიფინგი გამართეს. გიორგი ნონიაშვილის თქმით, კომპანია კონტრაქტს არღვევს და 1 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, დღეს, 8 ოქტომბერს ბანერების გაკვრისთვის კომპანიას ბოლო დღე აქვს.

"ჩვენ ახლა ვართ კომპანია ალმასთან, რომელსაც ეკუთვნის თბილისის ბილბორდები და რომელმაც წინასაარჩევნოდ ეს ცნობილი სისხლიანი ზიზღნარევი ბილბორდები გააკრა მთელი თბილისის მასშტაბით. კომპანიას ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ როგორც კი ჩვენ მივაკითხეთ 29 სექტემბერს პოლიტიკური სატირის შემცველი ბილბორდების გაკვრის მოთხოვნით, რომელიც გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ჯდება და ამის ყველანაირი უფლება გვაქვს, მათ შორის, წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაგვეკრა, მათ მაშინვე შეექმნათ პრობლემები, რადგან მათ არ სურთ ბიძინა ივანიშვილს ძილი დაუფრთხონ და შეაწუხონ.

ჩვენ შეგვიყვანეს რაღაც ბიუროკრატიულ ბუღალტერიაში, საბოლოოდ ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება პირველ ოქტომბერს, კონტრაქტით გათვალისწინებული 5-დღიანი ვადის ბოლო დღეა დღეს. მათ მიერ ხელმოწერილ კონტრაქტს არღვევენ რაშიც ფული გვაქვს გადახდილი, ისინი ცდილობენ დაიმალონ და გაექცნენ პასუხისმგებლობას, ტელეფონს არ პასუხობენ, ყველანაირად ცდილობენ ამ საქმიდან გამოძვრნენ, ჩვენ მათ დიდ დისკომფორტს შევუქმნით სამართლებრივად, არ გაუვათ კონტრაქტის პირობების ასე დარღვევა". – თქვა გიორგი ნონიაშვილმა.

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის თქმით, ბილბორდები უკვე გაკრული უნდა იყოს თბილისის 6 ლოკაციაზე. მისივე თქმით, პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიას სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება და დაჯარიმდება. 


ევროპული საქართველოს ბანერის გაკვრამდე 1 დღით ადრე სარეკლამო კომპანია ალმა პარლამენტს მიმართავს და სიძულვილის ენის შემცველი რეკლამის განთავსების აკრძალვას ითხოვს. შეთანხმების მიხედვით, კომპანიას ევროპული საქართველოს ბანერის გაკვრის ვადა ხვალ, 8 ოქტომბერს ეწურება. 

მას შემდეგ, რაც ალმამ ოპოზიციის წევრებისა და კრიტიკული მედიის მენეჯერების გამოსახულებით "სისხლიანი" ბანერები გამოაკრა, ევროპულმა საქართველომ კომპანიას მიმართა, "იმავე სტანდარტით" ნებისმიერ ცენტრალურ მაგისტრალზე მათი ბანერიც გაეკრათ.  

თუმცა, ვადის ამოწურვამდე 1 დღით ადრე ალმამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ "სისხლიან ბანერებს" საზოგადოების მხრიდან "სამართლიანი და ობიექტური ხასიათის" ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, აგრესიის გამომხატველ ქმედებებს ემიჯნებიან და მათი როლი მხოლოდ დამკვეთებისგან სარეკლამო ბანერების მიღება და ბილბორდებზე განთავსებაა. განცხადების მიხედვითვე, პარლამენტის მიერ ცვლილებების შეტანამდე კომპანია უარს ეტყვის ნებისმიერ დამკვეთს სარეკლამო ბილბორდებზე "სიძულვილის ენის შემცველი და საზოგადოების პოლარიზაციისადმი მიმართული სარეკლამო კონტენტის" განთავსებაზე. 

როდის გააკრავს და გააკრავს თუ არა ევროპული საქართველოს ბანერს ალმა – კითხვით ტაბულამ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა, სადაც ამბობენ, რომ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვთ.

კომენტარები