მიხეილ სააკაშვილის დაკავება

პენიტენციური: სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით, ასევე მიეწოდა ლეიბი, საბანი და ბალიში

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ტელევიზორის მიწოდება გაჭიანურდა - ტყუილია და ის სარგებლობს ტელევიზორით. განცხადებაში ასევე წერია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სარგებლობს ლეიბით და ასევე პირადი მოხმარების სხვა ნივთებითაც.

"გაცნობებთ, რომ მსჯავრდებული ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელოვნურად გაჭიანურდა ტელევიზორის მიწოდების პროცესი ტყუილია. განვმარტავთ, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ტელევიზორი შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით და ბარათზე ლიმიტით დაწესებული თანხით დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში.

სააკაშვილს ორშაბათს დაუმზადდა ბარათი, სადაც დაირიცხა ლიმიტირებული თანხა. სამშაბათს მან დაწესებულების მაღაზიაში აირჩია ტელევიზორი და შეკვეთა გააფორმა. ამ დროისთვის, მის მიერ შეძენილი ტელევიზორით საკანში სარგებლობს.

ტყუილია ასევე ის ინფორმაცია, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდა ლეიბი, დაწესებულებაში შესახლებისთანავე კანონის შესაბამისად, მას გადაეცა პირადი მოხმარების ნივთები, რომელშიც შედიოდა თეთრეული, ასევე საბანი, ლეიბი და ბალიში. მიხეილ სააკაშვილს დაწესებულების ადმინისტრაცისთვის დამატებითი ლეიბის მოთხოვნის თაობაზე არ მიუმართვს", - წერია განცხადებაში.

დღეს, 7 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს საკანში არ აქვს ლეიბი, ისევე როგორც ტელევიზორი.

ამასთან ერთად, პენიტენციური სამსახური განცხადების მიხედვით, დეკანოზი მიქაელის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის მიტანილ სახარებას ჰქონდა მოოქროვილი ელემენტები და პატიმრობაში მყოფი ადამიანისთვის აკრძალულია "ფასეული ნივთების" ქონა.

"აქვე განვმარტავთ, სახარებასთან დაკავშირებულ საკითხს. დეკანოზის მიერ მოტანილ სახარებას ჰქონდა მოოქროვილი ელემენტები და თვლები,  №12 პენიტენციური დაწესებულების დებულების თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება  ფასეული ნივთებისა  პენიტენციურ დაწესებულებაში ქონა. სწორედ ფასიან ნივთების ნუსხაშია ყველა სახის ნივთი ან სამკაული, რომელსაც აქვს ძვირფასი გაფორმება", - წერია განცხადებაში.


1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

კომენტარები