ფარული მოსმენები

ჰარცელი ელჩების მოსმენაზე: არ არის ბუნებრივი ასეთი დამოკიდებულება პარტნიორი ქვეყნის მხრიდან

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ელჩების სავარაუდო მოსმენას ეხმაურება. ჰარცელის თქმით, ევროკავშირი ამ საკითხს ძალიან სერიოზულად აღიქვამს და პარტნიორი ქვეყნის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება არ არის ბუნებრივი.

"თქვენ უკვე იცით ბრიუსელის რეაქცია ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვიღებთ, რადგან ეს საბოლოო ჯამში ვენის კონვენციის დარღვევას ეხება და არ არის ბუნებრივი როცა ასეთი დამოკიდებულება პარტნიორი ქვეყნის მხრიდან." - თქვა ჰარცელმა.

დიპლომატის ინფორმაციით სავარაუდო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირში ბრიუსელის სათავო ოფისში დაიბარეს. 

კარლ ჰარცელმა ასევე თქვა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური უნდა მუშაობდეს საფრთხეებზე, რომელიც ქვეყანას ემუქრება. დიპლომატმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა რომ ყველა ადამიანს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და დაცვის უფლება.

"უნდა გაგრძელდეს დისკუსია მიყურადებისა და თვალთვალის მასშტაბზე. მინდა ყველას შევახსენო, რომ ქვეყნისა უსაფრთხოების სამსახურმა უნდა იმუშაოს იმ საფრთხეებზე, რომელიც ქვეყანას ემუქრება - მაგალითად ტერორიზმი, შპიონაჟი. ეს ყველაფერი განხორციელებული უნდა იყოს ძალიან ფრთხილად და ეს ინსტიტუცია ანგარიშვალდებული უნდა იყოს. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, პირადი ცხოვრების ხელყოფის დაუშვებლობა, ყველა ადამიანს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და დაცვის უფლება. მიმდინარეობს გამოძიება და უფრო ფართო დისკუსიაა საჭირო პოლიტიკურ სპექტრში. მიყურადება და თვალთვალი არ არის დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი." - თქვა კარლ ჰარცელმა.

გავრცელებულ მასალებით, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს, დგინდება, რომ სუს-ი ელჩებსაც უსმენს. მასალებით, სუს-ი უსმენდა კელი დეგნანს, კარლ ჰარცელსა და რან გიდორს. ფორმულას ინფორმაციით, უწყება კარლ ჰარცელს არა მხოლოდ სასულიერო პირებთან, არამედ საკუთარ თანაშემწესთან საუბრის დროსაც უსმენდა. 

თბილისის მერი, კახა კალაძე გავრცელებული მასალებზე ამბობს, რომ თუ საჭიროა უწყებამ უნდა მოუსმინოს ვინც სჭირდება და მოსასმენია, მათ შორის დიპლომატებსაც. 


13 სექტემბერს გავრცელდა, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

საქართველოს საპატრიარქოს შეფასებით კი, დიდია ალბათობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი მასალა "ფაბრიკაციის გზით იყოს შექმნილი. ასევე, საპატრიარქო ფაილების დიდ ნაწილს სიცრუეზე აგებულს უწოდებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დოკუმენტი სიმართლესაც შეიცავს. 

ამავე თემას ეხებოდა 19 სექტემბერს გასული გადაცემა მთავარი აქცენტები. მთავარი არხის მტკიცებით, მათ ინტერვიუ ჩაწერეს სუს-ის მოქმედ თანამშრომელთან. პირი, რომელიც ანონიმურად რჩება, ამბობს, რომ უწყებაში სასულიერო პირების გარდა, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს უსმენდნენ.

კომენტარები